20 მარტის მდგომარეობით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, ჯამურად, ჯანდაცვის სექტორის 3 674 მუშაკია აცრილი. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს.
უწყების თანახმად, ვაქცინციის პორტალზე რეგისტრაცია ჯანდაცვის 5 250-მა მუშაკმა გაიარა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, “ასტრაზენეკას” ვაქცინით იმუნიზაცია მრავალპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდება ისე, როგორც ეს “ფაიზერის” წარმოებული ვაქცინით უნდა განხორციელებულიყო.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გაბუნია ამბობს, იმ სამედიცინო მუშაკებს, რომლებსაც ჯავშანი ამბულატორიებში ჰქონდათ გაკეთებული, სტაციონარებში გადაამისამართებენ, სადაც რეანიმაციული განყოფილებაც ფუნქციონირებს.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 27 წლის ახალციხელი ექთნის გარდაცვალება. ეს 19 მარტს მოხდა. ექთანს “ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა.
ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ბრიტანულ-შვედური კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია. აღნიშნულის შესახებ 18 მარტს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. იქვე აღინიშნა, რომ ექსპერტები მთელი დღის განმავლობაში განიხილავდნენ ამ საკითხს. კვლევები ისევ გრძელდება.
სპეციალისტების განმარტებით, ყველა ვაქცინას ახასიათებს გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება, ალერგიული რეაქცია, რომელიც იშვიათ შემთხვევებში ვლინდება.
გაბუნია: ვაქცინაცია მრავალპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდება