“მოქალაქეების” ლიდერ ალეკო ალისაშვილის ინფორმაციით, “ქართული ოცნება” მზად იყო, ვადამდელი არჩევნები დაენიშნა, თუ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 40%-ზე ნაკლებს აიღებდა.
ელისაშვილი მიჩნევს, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნამ “ამოწურა თავი” და დანარჩენმა ოპოზიციამ ამ მოთხოვნით გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებზე თქვა უარი. კერძოდ, ელისაშვილის თქმით, მოლაპარაკების მაგიდაზე იდო პროკურორის არჩევის, საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტებისა და სასამართლო რეფორმის საკითხი.
“უბრალოდ გამაოგნებელია ამბავია, როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი, — “პოლიტიკური მართლმსაჯულების” როცა პირდაპირ წერია, — და ამას ხელს კრავ იმ მოტივით, გინდა თუ არა ვადამდელი ან პლებისციტი გინდა. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნამ ამოწურა თავისი თავი”, — განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, საუბარი იყო საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის თანამდებობების განაწილებაზე, საარჩევნო რეფორმაზე. ამასთან, საარჩევნო რეფორმაზე რაც ეწერა, “ყველაფერი ასახულია” საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის კანონპროექტში.
“რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი იყო, თუმცა იყო სურვილი, რომ ეს ამ მოლაპარაკებების მიღმა გასულიყო, მაგრამ რაღაც გადაწყვეტის გზამდე მივსულიყავით. და იქ იყო “ქართული ოცნების” მხრიდან შემოთავაზებული საკითხი, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნება” 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. იყო მსჯელობა 45% თუ 40%. “ქართული ოცნების” მხრიდან კომპრომისი იყო 40%”, — განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, “წინადადებები დადო “ქართულმა ოცნებამ”, ხოლო ოპოზიციის მხრიდან წინადადებები არ ყოფილა.
მოლაპარაკებების მედიაციისთვის კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. ერთი კვირის განმავლობაში მან არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”. 17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.
ამავე თემაზე:
მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა – დანიელსონი ბრიუსელში ბრუნდება