ახალი ამბებიეკონომიკა

“ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ეკონომიკის გამოცოცხლებაზე მიანიშნებს” – თურნავა

19 მარტი, 2021 • 968
“ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ეკონომიკის გამოცოცხლებაზე მიანიშნებს” – თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული ზრდა მიგვანიშნებს იმაზე, რომ პანდემიასთან ბრძოლის ფონზე ეკონომიკის გამოცოცხლება იწყება“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვლის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტის მოცულობა 2.9 პროცენტით გაიზარდა.

ექსპორტის გაზრდა ძირითადად გამოწვეულია ერთ-ერთი კომპონენტის – ადგილობრივი ექსპორტის ზრდით. მეორე მხრივ, ქვეყნიდან რეექსპორტი შემცირდა. ამ თვეში ადგილობრივი ექსპორტის წილმა მთლიან ექსპორტში 75 პროცენტი შეადგინა.

ადგილობრივი ექსპორტი თებერვალში 2020 წლის ანალოგიურ დროსთან შედარებით 23.3%-ით გაიზარდა.

მეორე მხრივ, რეექსპორტის კლებამ თებერვალში წინა წლის მონაცემთან შედარებით 32 პროცენტზე მეტი შეადგინა და დაახლოებით 67.7 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა.

თურნავას განცხადებით, თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ორნიშნა ზრდა ძირითადად ორი კომპონენტს – სოფლის მეურნეობის პროდუქციას და სამთო-გადამამუშავებელი დარგის პროდუქციას უკავშირდება.

2021 წლის იანვარ-თებერვლის ორი თვის მონაცმების გათვალისწინებით, ექსპორტი რეექსპორტისა და ადგილობრივი ექსპორტის გათვალისწინებით, შემცირებულია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 35.8 მილიონი აშშ დოლარით.


2021 წლის თებერვლის თვეში სავაჭრო დეფიციტი 93.5 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ უარყოფითად დარჩა [იმპორტი აღემატება ექსპორტს] და 347.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი