“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის თვითმიზანი შეთანხმების არმიღწევა იყო. ამის შესახებ მან ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების შეთანხმების გარეშე დასრულების შემდეგ განაცხადა.
კობახიძე ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ შეთანხმების ვერმიღწევის მიზეზი ის იყო, რომ ოპოზიცია “კიევიდან იმართება”. მისი თქმით, ამის გამო ოპოზიციას შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდა.
“იყო ძალიან საინტერესო პროცესი, იყო წინსვლაც ამ დღეების განმავლობაში, თუმცა, სამწუხაროდ, გამართლდა ის, რაზეც ვსაუბრობდით, ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო შეთანხმების არმიღწევა. ეს გამოიხატა იმაში რომ დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები, ულტიმატუმები იმაშიც, რომლებიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია, ასეთი ულტიმატუმები აბსოლუტურად მიუღებელია დიალოგის პროცესში”, — განაცხადა კობახიძემ.
ამასთან კობახიძე ამბობს, რომ პროცესი დღეს არ დასრულებულა.
“შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი, ვნახოთ. ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბოლოოდ პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს”, — განაცხადა კობახიძემ.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიატორობით 9 სააათზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც მოლაპარაკებების მედიატორმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, ის ბრიუსელში დილით ბრუნდება.
მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა – დანიელსონი ბრიუსელში ბრუნდება