“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების შეთანხმების გარეშე დასრულდა. მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაში ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს.
ცრასაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციის ლიდერები დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებდნენ, რომ “ოცნება” არცერთი მთავარი საკითხის გადასწყვეტად მზად არ იყო.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამაში “ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებებში დესქტრუქციული როლი შეასრულა. მისი თქმით, მედიატორები, როგორც ევროპული, ასევე, ამერიკული მხარე, მიხვდნენ, რომ “ქართულ ოცნებას” არანაირი შეთანხმება არ უნდა.
” თუ დღეს შეთანხმება არ არის და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“. მათ მოუწევთ კარგად დაფიქრება საერთოდ ქვეყანასთან დაკავშირებით, რა უნდათ მიაღწიონ და ვფიქრობ, ამის შედეგი იქნება ძალიან მძიმე. მედიაციის მხარემ დაინახა, რომ ოპოზიცია განწყობილი იყო შეთანხმებისთვის და კონსტრუქციულობისთვის, მაგრამ ის დამოკიდებულება, რაც იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან, ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევდა შედეგს შეთანხმებასთან დაკავშირებით. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ამხელა მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მხრიდან ბოლომდე არის გაფლანგული ამ ეტაპისთვის”, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით კი, “ქართულმა ოცნებამ” გაუმართლებელი სიხისტე გამოავლინა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესი შეჩერდა, თუმცა მთავარი პარტნიორები განიხილავენ შექმნილ სიტუაციას ბრიუსელში და ოპოზიცია დიალოგში მუდმივად ჩართული იქნება.
“მიმაჩნია, რომ ამ პროცესში ოპოზიცია წარმოჩინდა, როგორც უკიდურესად კონსტრუქციულად განწყობილი და მზად თანამშრომლობისათვის, მაგრამ სამწუხაროდ, იგივე ჩვენ ვერ მივიღეთ მეორე მხრიდან. მედიატორების მხრიდან იყო ძალიან კარგი იდეები და სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვნახეთ მზაობა „ქართული ოცნების” მხრიდან, რომ ეს შემოთავაზებები გაეთვალისწინებინა. რიგი წინადადებები მედიატორების მხრიდან იყო მისაღები ოპოზიციისთვის, არ იყო მისაღები “ქართული ოცნებისთვის”, — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერის ხათუნა სამნიძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” არც ერთ ეტაპზე არ გამოიჩინა ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მისგან არამ ხოლოდ ქართული საზოგადოება ელოდა, არამედ საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები.
“მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეთანხმება შემდგარიყო და გამოჩნდა, რომ მთელ ამ პროცესში არც ერთ ეტაპზე არ იყო მზად კომპრომისისთვის. ჩვენ გამოვხატეთ ამ კომპრომისისთვის და შეთანხმებისთვის მზაობა, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა, პირველ რიგში, მედიატორმა კარგად დაინახა, რომ ამისთვის მზად არ იყო „ქართული ოცნება. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი ოპტიმიზმი და მოლოდინები არ გამართლდა. ადამიანმა ამდენი რესურსი ჩადო ამ პროცესში, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა პირადი პასუხისმგებლობა აიღო, რომ შეეცდებოდა ეს კონფლიქტი მოეგვარებინა და მხარეები ერთი მაგიდის ირგვლივ შეთანხმებულიყვნენ, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით, ქვეყანა ამ გადაწყვეტილებით წინ წასულიყო.
მთელი პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, რომელსაც ჰქონდა ძირითადი ტვირთი, დაეთმო, ნაბიჯები გადაედგა კომპრომისული და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა პირველ რიგში ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ მზად არიან ეს ქვეყანა წაიყვანონ წინ. სამწუხაროდ, ასეთი ვითარებაა”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ შეთანხმების ვერმიღწევით ბოლომდე მოხდა ხელისუფლების გაშიშვლება. მისი თქმით, ვითარების კიდევ უფრო გაშიშვლება, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის, საჭირო იყო. როგორც ბოკერია ამბობს, თუკი ეს რეჟიმი და ივანიშვილის გარემოცვა მიხვდება, რომ ამ საქციელით ვერ შეინარჩუნებენ არსებულ ვითარებას, მაშინ შეიძლება “კვლავ აზრი ჰქონდეს კონტაქტს”.
ბოკერიას თქმით, ახლა ორი რამ უნდა გაგრძელდეს: საერთაშორისო თანამეგობრობის ღია მხარდაჭერა და წნეხი და ქვეყნის შიგნით დაგეგმილი მწვავე, მაგრამ მშივიდობიანი საპროტესტო მოძრაობა.
“ამ ყველაფერს დადებითი მხარე თუ რამე აქვს, არის სულ ბოლომდე კიდევ უფრო გაშიშვლება ამ ხელისუფლების და ივანიშვილის გარემოცვის უნარების და პოზიციის ყველა საკვანძო საკითხზე. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერცერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო. პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია იყო პოლიტპატიმრების საკითხზე, პოლიტიკური დევნის საკითხზე და ვადამდელი არჩევნების საკითხზე. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ ხალხს ივანიშვილისგან აკრძალული აქვს ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება. დათმო თუ არა რამე ოპოზიციამ? — მაქამდე საქმეც კი არ მისულა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი წინადადება გვქონდა, მათ შორის გამოვყოფდი პოლიტპატიმრებს, მელიას და რურუას და ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხს. როგორ გაგრძელდება პროცესი? — ამ ფაზაში ეს საკითხი დასრულებულია”, — განაცხადა ბოკერიამ.
“გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” “ფეხზე ჰკიდია” ევროკავშირიც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც, მათი რეპუტაციაც და საქართველოს ევროალანტიკური მისწრაფებებიც. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში მომლაპარაკებლების მცდელობა იყო, რომ მიეღწიათ ისეთი დოკუმენტისთვის, რომელზეც “ქართული ოცნება” მაინც იქნებოდა თანახმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი არც ერთ მომენტში არც კი მისულა ახლოს, რომ სერიოზულად განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიციები.
“საბოლოო ჯამში, ამ პროცესის განმავლობაში დოკუმენტი, რომელსაც ისინი გვთავაზობდნენ, რამდენჯერმე გაფუჭდა და ჩვენთვის თავიდან ამოუხსნელი იყო, რატომ ხდებოდა ეს, თუმცა ბოლოს ცხადი გახდა, რომ დოკუმენტი ფუჭდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ არ თანხმდებოდა არაფერზე. მომლაპარაკებლებმა ვერ მოახერხეს, რომ დაედოთ დოკუმენტი და მთელი ამ დღეების განმავლობაში ეს დოკუმენტი იცვლებოდა. მარტო დღეს გამოიცვალა ალბათ, ორჯერ თუ სამჯერ. იყო პუნქტები, რომლებიც ნაკლებად პრიორიტეტული იყო ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც გააფუჭეს “ქართული ოცნების” მოთხოვნით და საბოლოო ჯამში, ეს პუნქტები გახდა იმდენად ზოგადი, რომ იყო არაფრის მთქმელი და ჩვენთვის ამას შინაარსი აღარ ჰქონდა”, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ევროპას კარი კიდევ ერთხელ დაუხურა. მისი თქმით, ამის შემდეგ მოლაპარაკების სივრცე შეიზღუდა.
“რა იყო ორი მთავარი საკითხი, რომელზეც ვერ მოხდა მათი დათანხმება იმიტომ, რომ კრიზისი განმუხტულიყო? ეს იყო პოლიტპატიმრების გამოშვება, ნიკა მელიას, გიორგი რურუას გამოშვება, ზოგადად, პოლიტიკური დევნის დასრულება ქვეყანაში და ვადამდელი არჩევნები. დღეს “ქართულმა ოცნებამ” დაადასტურა, რომ ძალიან რთულია მათში მოლაპარაკების რაიმე რესურსის მონახვა. „ქართულ ოცნებას” ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი დაუჯდება და გარდა პოლიტიკური წნეხისა, რომელიც აუცილებლად გაიზრდება, გააქტიურდება სამოქალაქო პროტესტი, გახდება უფრო ფართო და უფრო ინტენსიური”, – განაცხადა მინაშვილმა.
“პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლის გოჩა თევდორაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” ვერ აღმოჩნდა მზად, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადაედგა ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელშიც ქვეყანა თავად შეიყვანა.
“ქართულმა ოცნებამ“ ვერ გააცნობიერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობაც ამ პროცესში და არ აღმოჩნდა მზად ასეთი მოლაპარაკებებისთვის. დღეს ჩვენ ვიყავით კონსტრუქციულები, გვქონდა სხვადასხვა შეთავაზება ხელისუფლების მიმართ და ვიყავით კონსენსუსითვის მზად, რამდენიმეჯერ შევთავაზეთ უფრო შერბილებული ვარიანტები იმისა, როგორ მივსულიყავით ვადამდელ არჩევნებამდე, თუნდაც გარკვეული დათქმებით”, — განაცხადა თევდორაძემ.
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი კი ცხრასაათიანი მოლაპარაკების შემდეგ უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რადგან მოლაპარაკების პუნქტები საიდუმლოდ რჩებოდა. მისი თქმით, იყო იქ პუნქტები, რომელიც მოსწონდა და მიაჩნდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა კონსესუსის თემა გამხდარიყო. თუმცა მეგრელიშვილის შეფასებით, “მხარეებს იმდენად არ უყვართ ერთმანეთი, იმდენად ვერ იტანენ ერთმანეთს, რომ ამ ხალხს ერთად ლაპარაკი არ შეუძლია”.
“მე პირველად ვარ ამ ტიპის მოლაპარაკებაზე, შეიძლება იმიტომ ვარ უცხო ამ ტიპის გარემოსთვის, მე არ მესმის საერთოდ აქ რა ხდება, ფიზიკურად არ მესმის, საერთოდ არაფერი არ მესმის, მათ შორის, მოლაპარაკების სტილი არ მესმის, მეგონა, რომ მე ვარ არაკომპეტენტური და ეს ხალხი ძალიან კომპეტენტური იყო და საბოლოო ჯამში იმედი მქონდა, რომ შედეგი დადგებოდა, მაგრამ რომ დავრწმუნდი, არ დადგა, ახლა ველოდები რაიმე უფლებას, რომ კონკრეტულ საკითხებზე შესაძლებელი იყოს ლაპარაკის დაწყება”, — განაცხადა მეგრელიშვილმა.
მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა – დანიელსონი ბრიუსელში ბრუნდება