ახალი ამბები

Wizz Air-მა 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილი ქუთაისიდან გააუქმა

18 მარტი, 2021 •
Wizz Air-მა 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილი ქუთაისიდან გააუქმა

Wizz Air-მა 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილი ქუთაისიდან გააუქმა. ამის მიზეზად კომპანია COVID-19-ით გამოწვეულ საერთაშორისო შეზღუდვებს, კონკრეტულად კი ევროკავშირის რეგულაციებს ასახელებს.

გაუქმებულ ფრენებთან დაკავშირებით Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო აცხადებს, რომ დაზარალებულ მგზავრებს ავტომატურად მიუვათ შეტყობინება ცვლილების შესახებ.

“საავიაციო ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკაა, რომ ფრენების სიხშირეები სამოგზაურო სეზონების, კონკრეტულ პერიოდში აქტუალური მიმართულებებისა და გაუთვალისწინებელი ფორს მაჟორული სიტუაციების მიხედვით იცვლება. Wizz Air-მა ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ფრენები რამდენიმე მიმართულებით შეაჩერა. ამ ცვლილების შედეგად დაზარალებულ მგზავრებს ავტომატურად მიუვათ შეტყობინება ცვლილების შესახებ და შეთავაზება ბილეთის გადაცვლის, თანხის 100%-ის ბარათზე დაბრუნების ან  120%-ის Wizz Air-ის ანგარიშზე დაბრუნების შესახებ”, – აცხადებს ანდრაშ რადო.

ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ Wizz Air-ს ფრენების განახლებასთან დაკავშირებით შეტანილი აქვს განაცხადი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში და იმედოვნებენ, რომ რეგულაციები და შეზღუდვები მიცემთ შესაძლებლობას, მალე განაახლონ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი