ახალი ამბებიკომენტარი

როგორ და რატომ უნდა შევცვალოთ საარჩევნო ადმინისტრაცია

17 მარტი, 2021 • 5520
როგორ და რატომ უნდა შევცვალოთ საარჩევნო ადმინისტრაცია

ავტორი: ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი

საქართველოში ყოველი მნიშვნელოვანი არჩევნები დაპირისპირების და ხშირად პოლიტიკური კრიზისის საფუძველი ხდება, როგორც ახლა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. დამოუკიდებლობიდან დღემდე ვერ მოხერხდა ისეთი საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის ჩამოყალიბება, რომელიც არც გადახედვას მოითხოვდა ყოველი არჩევნების შემდეგ და არც უნდობლობას გამოიწვევდა.

ჩვენი საარჩევნო ადმინისტრაცია კოლეგიურ პრინციპზეა აწყობილი იმ ვარაუდით, რომ, ერთი მხრივ, პარტიათა შორის ბალანსითა და ურთიერთკონტროლით, მეორე მხრივ კი, ადმინისტრაციაში დამოუკიდებელ პროფესიონალთა მონაწილეობით, შესაძლებელი იქნება სანდო და ობიქტური არჩევნების ჩატარება. სინამდვილეში კი რთულია იმის არდანახვა, რომ არსებული სისტემა ვერ აგვარებს ვერც ნდობასთან და ვერც ეფექტურობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამ პრობლემებს იწვევს როგორც დღევანდელი საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემური ხარვეზები, ისე, ზოგადად, ქვეყანაში არსებული ნიჰილიზმი, საარჩევნო პროცესების დეგრადაცია და პოლიტიკური პარტიების ხშირად უპასუხისმგებლო პოზიციები. კარგი არჩევნების ჩატარებას მრავალი რამ განაპირობებს და ბევრი მათგანი საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციებს სცდება, მაგრამ საარჩევნო ადმინისტრაციის გარდაქმნის გარეშე შეუძლებელი იქნება თვისებრივად უკეთესი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება ჩვენს პოლარიზებულ და რადიკალიზებულ საზოგადოებაში.

ამიტომაც საჭიროა არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის არსებული სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობა, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე აჩვენებს, რომ სათანადოდ ვერ მუშაობს, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის მოწყობის ფუნდამენტური გადააზრება და მისი ახლებურ პრინციპებზე აწყობა. სწორედ ამ მიზნით შევქმენით აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრში ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც საარჩევნო ადმინისტრაციის შესაძლო რეფორმის ხედვის დოკუმენტზე იმუშავა. სრული დოკუმენტის წაკითხვა აქ შეგიძლიათ, ხოლო ქვემოთ მოკლედ მოგახსენებთ რეფორმის შესაძლო და აუცილებელ მიმართულებებზე.

მაინც რა არის არსებული ადმინისტრაციის მოდელის მთავარი სისუსტეები? შესაძლებელია, სამი მნიშვნელოვანი პრობლემის გამოკვეთა:

  1. საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური პარტიების, განსაკუთრებით კი, როგორც წესი, მმართველი პარტიის მიერ კონტროლი;
  2. საარჩევნო ადმინისტრაციის უუნარობა, სრულად და ეფექტურად განახორციელოს საკუთარი მანდატი;
  3. საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა არასაკმარისი კვალიფიკაცია და ანაზღაურება.

დემოკრატიის პარტიული საბოტაჟი

ცესკოს დაკომპლექტების თითქოს დემოკრატიული მოდელი სინამდვილეში ერთპარტიულ კონტროლს უზრუნველყოფს: ცესკოს თავმჯდომარეობისა და მისი წევრობის ხუთ კანდიდატს არჩევს პრეზიდენტი, ხოლო მათ ნიშნავს პარლამენტის უმრავლესობა, სადაც გადამწყვეტი სიტყვა საპარლამენტო უმრავლესობას [მმართველ პარტიას] ეკუთვნის. დანარჩენ 6 წევრს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები ნიშნავენ მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. შედეგად, ჩვენ ისეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვიღებთ, სადაც უმრავლესობაში მმართველი პოლიტიკური ჯგუფის მიერ შერჩეული ადამიანები არიან. დანარჩენი, ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენელები, მოკლებულნი არიან გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის რეალურ შესაძლებლობას და მათ  მხოლოდ მონიტორინგის ფუნქციაღა რჩებათ. ბუნებრივია, ეს აჩენს უკმაყოფილებას და საარჩევნო პროცესისადმი უნდობლობას, განსაკუთრებით იმ პარტიებში, რომლებიც უკმაყოფილო რჩებიან არჩევნების შედეგებით.

ცესკოს დაკომპლექტების არსებული წესი კიდევ ერთ, სერიოზულ პრობლემას ქმნის. საქმე ისაა, რომ სინამდვილეში ცესკოს ან მის თავმჯდომარეს არანაირი ზეგავლენა არ გააჩნიათ პარტიების მიერ დანიშნული წევრების ქცევაზე. მაგალითად, ცესკოს თავმჯდომარე ვერ გაათავისუფლებს საარჩევნო ადმინისტრაციის ისეთ წევრს, რომელიც საკუთარ საქმეს შეუსაბამოდ ასრულებს, მაგრამ სამაგიეროდ, პარტიას ჰყავს დანიშნული. ეს იწვევს მმართველობის კრიზისს: პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ წარმომადგენლებს ცესკოს მუშაობის პარალიზება და არჩევნების ნორმალური რელსებიდან გადაყვანა შეუძლიათ, მაგრამ კომისიას ამის აღსაკვეთად საჭირო მექანიზმები არ გააჩნია.

ქვეყნებში, სადაც მაღალი პოლიტიკური კულტურა და განვითარებული პოლიტიკური პარტიებია, ასეთი პრობლემები ნაკლებად იჩენს თავს, მაგრამ ჩვენთან, სადაც პოლიტიკური მიზანი ყველა საშუალებას ამართლებს, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ასეთი მოდელი არათუ არჩევნების სამართლიანობის ხარისხს აუმჯობესებს, არამედ პირიქით, არჩევნებიდან არჩევნებამდე ამცირებს საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობას.

აქედან გამოსავალი, ერთი მხრივ, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ადმინისტრაციიდან სრულად ჩამოშორებაში, ხოლო მეორე მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციის ეფექტური მართვის მექანიზმებით აღჭურვაშია, რათა მან სათანადოდ მართოს საკუთარი ორგანიზაცია და შეძლოს თანამშრომელთა რეალური კონტროლი. ამის მიღწევა შესაძლებელია, თუკი საარჩევნო ადმინისტრაცია, მისი თავმჯდომარის ჩათვლით, სრულად პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდება, ოღონდ ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნას ამ მოხელეთა რეალური დამოუკიდებლობა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის კონტროლისა და ჩარევისგან. სხვა შემთხვევაში, „სრულიად პროფესიული საარჩევნო ადმინისტრაცია“ მორიგი, პრინციპულად არაფრის მომტანი ცვლილების დეკორაციად იქცევა.

ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებული რეფორმის წინადადებების პაკეტი ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის „ორმაგი უმრავლესობით“ არჩევას. ეს იმას ნიშნავს, რომ მის დანიშვნას მხარი უნდა დაუჭიროს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობამ, ისე საპარლამენტო უმცირესობის უმრავლესობამაც. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევძლებდით კონსენსუსის მიღწევას პარლამენტში (რაც ასე ძალიან საჭიროა) და ასევე, გასაქანს აღარ მივცემდით რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს შეთანხმებების ჩასაშლელად და კრიზისის გამოსაწვევად.

საქართველო ინდოეთის წინააღმდეგ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 12 წევრისგან შედგება. ეს მაშინ, როდესაც კანადის არჩევნებს ერთი, ხოლო ინდოეთის არჩევნებს სამი საარჩევნო მოხელე ხელმძღვანელობს. მართალია, ქართული არჩევნები რთული და თავისებურია, მაგრამ არც იმდენად, რამდენადაც მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი დემოკრატიის – ინდოეთის, სადაც 911 მილიონი ამომრჩეველია, არჩევნები შვიდ ფაზად ტარდება და თითქმის ორი თვე გრძელდება. შესაბამისად, შესაძლოა საარჩევნო ადმინისტრაციის მოწყობის გამარტივება და მისი ეფექტურობის გაზრდა. ერთი გზა არის კოლეგიური მოდელიდან „ცენტრალური საარჩევნო მოხელის“ მოდელზე გადასვლა, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციას ერთი, „ორმაგი უმრავლესობით“ დანიშნული მოხელე/ოფიცერი უხელმძღვანელებს. ასევე, შესაძლოა ისეთი კოლეგიური ორგანოს შექმნაც, რომელიც პარტიებისაგან სრულად გამიჯნული და მცირერიცხოვანი იქნება და ასევე, „ორმაგი უმრავლესობის“ პრინციპით დაკომპლექტდება.

გარდა ამისა, საჭიროა საარჩევნო მოხელეს თუ კოლეგიურ ორგანოს [მას/მათ] ჰქონდეს კადრებისა და გადაწყვეტილებების აღსრულებაზე კონტროლის სრული შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში, სრულიად დამოუკიდებელი ორგანოც კი, შესაძლოა, პარალიზებული აღმოჩნდეს. ამიტომ, როდესაც დღეს პოლიტიკური პარტიები საარჩევნო რეფორმის საკითხებზე საუბრობენ, აუცილებელია, მათ არა მხოლოდ საკუთარი ინტერესები, არამედ საზოგადო ინტერესები დააყენონ წინ და კომისია პრინციპულად ახლებურად დააკომპლექტონ. სწორედ ეს იქნებოდა იმ სულისკვეთების შესატყვისი, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან დისკუსიის შემდეგ შესაძლო სამომავლო შეთანხმების ერთ-ერთ პრინციპად – „ამბიციურ საარჩევნო რეფორმად“ დასახელდა.

საარჩევნო ადმინისტრაციის უფრო ქვედა, საოლქო და საუბნო დონეზეც აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება. თუკი საარჩევნო ადმინისტრაცია ერთი, მთავარი მოხელის პრინციპზე აეწყობა, მაშინ ასეთ მოხელეს უნდა შეეძლოს თანამშრომელთა უვადოდ დანიშვნა საოლქო კომისიებში, ეს უკანასკნელი კი საუბნო კომისიებს დააკომპლექტებდა. კომისიური პრინციპის პირობებში კი ცესკო 2/3-ით მიიღებდა საოლქოების დაკომპლექტების გადაწყვეტილებას და ისინიც ამავე პრინციპით დააკომპლექტებდნენ საუბნო კომისიებს.

რაც შეეხება უბნის დონეზე არჩევნების ადმინისტრირებას, ჩვენ აქ უფრო გაბედული რეფორმის მომხრეები ვართ. ერთ-ერთი ალტერნატივა საუბნო კომისიების უკეთესად დაკომპლექტებისთვის არის საოლქო დონეზე საარჩევნო მოხელეთა რეესტრის შექმნა, საიდანაც შემდეგ, შემთხვევითობის პრინციპით, შეირჩეოდნენ საუბნო მოხელეები, რომლებიც ასევე უვადოდ დაინიშნებოდნენ.

რეფორმა უფრო შორსაც შეიძლება წავიდეს და ნაცვლად დანიშნული მოხელეებისა, ლოტოტრონის პრინციპით, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს დაევალოს არჩევნების დღეს საზოგადოებისათვის სამსახურის გაწევა: საარჩევნო უბანზე მუშაობა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უფრო ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას მივაღწევდით. ეს, ზოგადად, დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებასაც დაეხმარებოდა და სამართლიანი არჩევნების საკითხს გახდიდა განზოგადებული თემიდან ნებისმიერი მოქალაქის სამოქალაქო ვალად და მისი პირადი პრესტიჟის საქმედ.

როდესაც ასეთ მიდგომებზე ვსაუბრობთ, ზოგჯერ ამბობენ, რომ მოუმზადებელი მოქალაქე ვერ მოახერხებს ამ ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას და ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანებზე ზემოქმედების შესაძლებლობა იზრდება. სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებული ადმინისტრაციის მოდელი მაინც ვერ უზრუნველყოფს არჩევნების სანდო და ეფექტურ გაძღოლას, რასაც საუბნო კომისიის წევრთა პარტიული, ხშირად ნეგატიური, დემოკრატიისათვის დამაზიანებელი მოტივები ემატება. ამ  მოტივების გამორიცხვა და საუბნო კომისიების მოხელეთა შემთხვევითი შერჩევა ამ პრობლემებსაც მოაგვარებდა და სათანადო ტრენინგისა და სწავლების პირობებში, რაც ცესკომ უნდა უზრუნველყოს, უკეთეს საარჩევნო გარემოსაც უზრუნველყოფდა.

არჩევნები 225 ლარად

დიდი უფსკრული არსებობს იმ ამოცანებს, რაც საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს და იმ პირობებს შორის, რა პირობებშიც მუშაობენ მისი თანამშრომლები (განსაკუთებით საოლქო და საუბნო დონეებზე) ანდა, რა კომპეტენციების შედეგად და როგორ ხდება საარჩევნო მოხელეთა შერჩევა.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაქვს  საარჩევნო მოხელეთა შერჩევის შეუსაბამო სისტემა. მისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ძალიან დაბალია, ხოლო შერჩევის პროცედურები – ალოგიკური და გაუგებარი. მაგალითისთვის, კანონის მიხედვით, საარჩევნო მოხელე არ შეიძლება პარტიის წევრი იყოს, მაგრამ საქართველოში არ არსებობს მექანიზმი, რის მიხედვითაც შესაძლებელია ამის გადამოწმება. საჭიროების შემთხვევაში, ფიზიკურად შეუძლებელია, ცესკოს წევრი ყველა კანდიდატს გაესაუბროს, მაგრამ ამასთან, პარადოქსულად, არც ამა თუ იმ კანდიდატს ევალება გასაუბრებაზე მისვლა.

კვალიფიკაციის ნაკლებობას, შერჩევისა და გადამოწმების მექანიზმის არაადეკვატურობას ისიც ემატება, რომ პარტიების მიერ დანიშნული საარჩევნო მოხელეები ხშირად იცვლებიან (ამა თუ იმ მიზეზით: მაგალითად, მათ პოლიტიკურ ერთგულებაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში პარტიის მხრიდან), რაც მათი მომზადებისათვის დახარჯული დროისა და რესურსის წყალში გადაყრაა. ამასთან, ხშირად ადმინისტრაცია არჩევნებს ისე ეგებება, რომ სათანადოდ ვეღარ ასწრებს მოხელეთა გადამზადებას.

ამიტომ აუცილებელია, რომ როგორც ცენტრალურ, ისე საოლქო თუ საუბნო დონეზე, პოლიტიკური პარტიები არჩევნების მართვის ფუნქციას სრულად ჩამოსცილდნენ, ხოლო დამოუკიდებელი მოხელეებისთვის როგორც მათი კვალიფიკაციის უფრო მაღალი, ისე გადამოწმების ეფექტური მექანიზმები შეიქმნას. ასეთი ინსტიტუტების შექმნის გამოცდილება საქართველოს აქვს. მაგალითად, ასეთია გამოცდების ეროვნული ცენტრი. შესაძლებელია როგორც ახალი, დამოუკიდებელი ცენტრის შექმნა, ისე ამა თუ იმ ორგანიზაციასთან პარტნიორობა, ე.წ. „აუთსორსინგის“ სახით.

ცალკე საკითხია საარჩევნო მოხელეთა ანაზღაურება და დასაქმების ხანგრძლივობა, რაც მათ მოტივაციაზე პირდაპირ [ქართული საარჩევნო და პოლიტიკური ვითარების გამოისობით] ნეგატიურ გავლენას ახდენს. მაშინ, როდესაც ცესკოს წევრთა ხელფასი დაახლოებით 8-10 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს (რეალური ანაზღაურება უფრო მაღალია, დანამატებისა და პრემიების გათვალისწინებით), საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ანაზღაურება 900-1100 ლარია, ხოლო საუბნო კომისიის წევრის ხელფასი- 260-310 ლარი.

როგორც საოლქო კომისიაში, ისე საუბნო კომისიაში თანამშრომლები ხუთი წლის ვადით ინიშნებიან. ბუნებრივია, არც ასეთი ანაზღაურება და არც ასეთი კონტრაქტის ხანგრძლივობა არ უქმნის ამ ადამიანებს სათანადო დაცულობის განცდას, სტაბილურ პერსპექტივას იმისათვის, რომ მათ პირუთვნელად შეძლონ არჩევნების მართვაზე მუშაობა ისე, რომ ძალაუფლების მქონე, გავლენიანი პარტიული ლიდერების კეთილგანწყობა არაფრად ჩააგდონ და ამაზე მაღლა არჩევნების ობიექტურად ჩატარების მისია დააყენონ.

ჩვენი ქვეყნის სიღარიბის, უმუშევრობის, კანონის უზენაესობის სისუსტისა და პარტიულად მიკერძოებული სამართალდამცავი სტრუქტურების პირობებში, ასეთი რამ საკმაოდ სარისკო საქმეა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ რეალურად, არჩევნების ბედი საუბნო და განსაკუთრებით საოლქო კომისიაში წყდება – ცესკოს სინამდვილეში არ გააჩნია რეალური შესაძლებლობა, რამენაირად ჩაერიოს საოლქო კომისიის გადაწყვეტილებებში.

ამიტომ, თუკი ჩვენ გვსურს, რომ ქვეყანაში ნორმალური არჩევნები ჩატარდეს, აუცილებელია როგორც საკვალიფიკაციო მოთხოვნების საგრძნობი ამაღლება, ისე შერჩევის მეთოდებისა და სახელფასო-საკონტრაქტო პირობების საგრძნობი გაუმჯობესება, მათ შორის, მოხელეთა უვადოდ დანიშვნა კომისიებში.

საარჩევნო რეფორმა მრავალ საკითხს მოიცავს და საარჩევნო ადმინისტრაციის გაუმჯობესება მისი ერთი, მაგრამ აუცილებელი კომპონენტია. დღეს არსებული სისტემის ცალკეული კომპონენტების გაუმჯობესება, ამა თუ იმ პარტიის სხვა პარტიების წარმომადგენლებით ჩანაცვლება, დაფინანსების მასშტაბების შეცვლა  და სხვა ცვლილებები საჭიროა, მაგრამ ეს ვერ მოგვცემს არჩევნების ხარისხისა და  მისდამი ნდობის თვისებრივად ამაღლების შედეგს.

საჭიროა არა ამ, პრინციპში, მანკიერი სისტემის გაუმჯობესებაზე ფიქრი, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის მოწყობის სრულიად ახლებური გააზრება, მისი მართვიდან პოლიტიკური პარტიების ჩამოცილება, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და უკეთესი სამუშაო პირობებისა და დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნა მათთვის, ვინც რეალურად ეწევა ქართული არჩევნების ყველაზე საპასუხისმგებლო ტვირთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი