ახალი ამბები

პატიმარმა, რომელსაც ციხეში ვეგანურ საკვებზე უარი უთხრეს, სასამართლოში იჩივლა

17 მარტი, 2021 •
პატიმარმა, რომელსაც ციხეში ვეგანურ საკვებზე უარი უთხრეს, სასამართლოში იჩივლა

ვეგანი პატიმარი, რომელსაც გლდანის ციხის ადმინისტრაციამ ვეგანური საკვების მიწოდებაზე უარი უთხრა, თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს და სასამართლოში ჩივის. მის უფლბებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საქმის ზეპირი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 მარტს იწყება.

საიას ინფორმაციით, მოსარჩელე არის ვეგანი და იკვებება მცენარეული ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით. 2019 წელს იგი გლდანის ციხეში მოათავსეს. ციხეში მოხვედრისთანავე მან აცნობა ადმინისტრაციას თავისი ვეგანობის შესახებ და ითხოვა სპეციალური კვების რაციონით უზრუნველყოფა. მიუხედავად თხოვნისა, მას არ მიაწოდეს საჭირო საკვები, რადგან ადმინისტრაციის განმარტებით, არც სპეციალური საკვები ჰქონდათ ვეგანებისათვის და არც მზარეული ჰყავდათ, რომელიც მოამზადებდა ვეგანურ საკვებს. ამასთან, ვეგანური პროდუქტები ადგილობრივ მაღაზიაში არ იყო ხელმისაწვდომი.

“შედეგად, პატიმარს ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული საკვების მცირე ნაწილის მიღება შეეძლო და მთელი დროის განმავლობაში უწევდა იმაზე ბევრად ნაკლები საკვების მიღება, ვიდრე ნორმაა. იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ღებულობდა სპეციალურ საკვებს, მას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები”, — აცხადებს საია, რომელიც ვეგან პატიმარს სასამართლოში წარმოადგენს.

როგორც საია აცხადებს, მოსარჩელე დავობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში, იგი იყო ადმინისტრაციის მხრიდან მსოფლმხედველობის, კერძოდ, ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვეპლი, რის გამოც ითხოვს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნულ საქმეში მოპასუხეებს წარმოადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური და სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულება (გლდანის ციხე).

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს. საია მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ უშუალოდ მოსარჩელის დარღვეული უფლებების აღდგენა, არამედ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა გახდეს პენიტენციურ დაწესებულებებში კვების საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვის საფუძველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი