საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 შეხვედრის შემდგომ გამოქვეყნდა ერთობლივი პრესრელიზი, რომელშიც წარმოდგენილია საბჭოს შეფასებები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ხელისუფლების მუშაობაზე სხვადასხვა მიმართულებით.
პრესრელიზის თანახმად, “2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები”. მეორე მხრივ, “საარჩევნო გარემოს განსამტკიცებლად” საბჭო ხაზს უსვამს საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინების მნიშვნელობას, “ამბიციური და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმის გზით”.
პრესრელიზში სინანულია გამოთქმული ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზების გაღრმავების გამო. დოკუმენტის მიხედვით, “ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მოთამაშემ გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მედიაციის პირობებში, რათა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში”.
“ასოცირების საბჭომ განმეორებით მოუწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოხდეს პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაცია და გაგრძელდეს რეფორმები.
ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაციის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება”, — ვკითხულობთ პრესრელიზში.
აქვე ნახსენებია რამდენიმე მიმართულება, რომელშიც, პრესრელიზის თანახმად, ევროსაბჭო “საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მიესალმა”. მათ შორისაა კანონის უზენაესობა და რეფორმები პენიტენციალურ სფეროებში, ასევე, ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელება, შრომის ინსპექტირება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელება.
მეორე მხრივ, საბჭო გამოყოფს რამდენიმე სფეროს, სადაც “შემდგომი წინსვლაა საჭირო”. მათ შორისაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება.
“ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მზაობას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების საკითხებში”, — ნათქვამია დოკუმენტში.
საბჭო ასევე შეეხო აფხაზეთსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას. პრესრელიზის თანახმად:
“[საბჭომ] შეშფოთება გამოხატა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის ხელმოწერის, ისევე როგორც სხვა ნაბიჯების გამო, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის / სამხრეთ ოსეთის რეგიონებში…”
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა 16 მარტს ბრიუსელში გაიმართა. ასოცირების საბჭოს თავმჯდომარეობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.