საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მეტი შესაძლებლობა სჭირდება ევროკავშირში სიღრმისეული ინტეგრაციისთვის.
ამის შესახებ მან დღეს, 16 მარტს, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც გაიმართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან ერთად.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახლა კიდევ უფრო დინამიკური გახდეს და მომავალზე იყოს ორიენტირებული ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები, რომ ფიზიკური დისტანცია, განსხვავებები შემცირდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. საქართველოს მეტი შესაძლებლობები სჭირდება უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის ევროკავშირთან. ჩვენთვის ეტაპობრივი და ინტენსიური ინტეგრაცია იქნება შემდეგი საეტაპო მოვლენა. საქართველო არის ევროკავშირის კარიბჭე და ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული სატრანსპორტო ჰაბი. ჩვენ კავშირს უზრუნველვყოფთ ევროპას და აზიას შორის. ეს მიზნები ყველასთვის საერთოა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შავი ზღვის პოტენციალი სრულად უნდა იყოს ათვისებული”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.