ახალი ამბები

“გვერდში დაგვიდექით, მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა” – გამყრელიძე ეკლესიას მიმართავს

16 მარტი, 2021 • 1510
“გვერდში დაგვიდექით, მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა” – გამყრელიძე ეკლესიას მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საქართველოს ეკლესიას მიმართავს და სთხოვს, ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო საზოგადოებას გვერდში დაუდგნენ.

დღეს, 16 მარტს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. რა დროსაც, გამყრელიძემ წინა წლის ე.წ. პირველი ტალღა და საგანგებო მდგომარეობა გაიხსენა.

მან თქვა, რომ ამ პერიოდში ეკლესია განსაკუთრებულად დაუდგა სამედიცინო საზოგადოებას გვერდში და წინასააღმდგომო და შემდგომ პერიოდში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებები გაატარა.

ამის შემდე, გამყრელიძემ განმარტა, რომ ვაქცინაცია მეცნიერულად დამყარებული, ეფექტური გზაა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, ეკლესია კი მანამდეც მხარს უჭერდა მეცნიერულ მიდგომას. ამასთანავე, საქართველოს ეკლესია საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

„ძალიან გთხოვთ, გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში. ვითანამშრომლოთ, იმიტომ, რომ მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში, ექიმზე უფრო ძლიერ. ამიტომ გთხოვთ, რომ განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს ვაქცინაციის პროცესში. როგორც ყოველთვის, მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის და საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივია“, – აცხადებს გამყრელიძე.

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომამ ეს საკითხი თებერვალში განიხილა და თქვა, რომ ეკლესია ვერ დააფიქსირებს ვაქცინაციის ვერც სასარგებლო და ვერც საწინააღმდეგო პოზიციას და თითოეულმა ადამიანმა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რჩევების საფუძველზე.

ვრცლად:

საპატრიარქო სინოდის განჩინებას აქვეყნებს

მასალების გადაბეჭდვის წესი