ახალი ამბები

“საკმაოდ დაბალი რიცხვია” – გამყრელიძე მედპერსონალის აცრის დინამიკაზე

16 მარტი, 2021 •
“საკმაოდ დაბალი რიცხვია” – გამყრელიძე მედპერსონალის აცრის დინამიკაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, გუშინ და დღეს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების მსურველთა აქტივობა დაბალია. ამის შესახებ გამყრელიძემ პრესკონფერენციზე განაცხადა.

“ის აქტივობა, რაც გვაქვს დღეს და გუშინ, რა თქმა უნდა, არ არის კარგი. ჩვენ უფრო მეტს ველით, განსაკუთრებით ჩვენი კოლეგებისგან, რომლებმაც უნდა მისცენ მაგალითი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ბოლო მონაცემებით პორტალზე, სადაც აცრის გაკეთების მსურველი მედპერსონალი რეგისტრირდება, ამ დროისთვის 4 532 ადამიანის განაცხადია დაფიქსირებული და უკვე აიცრა 1 375 მათგანი. მათ შორის, გუშინ, 15 მარტს 727 ჯანდაცვის მუშაკი აიცრა, დღეს კი ამ დრომდე – 648.

“ეს არის საკმაოდ დაბალი რიცხვი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში “43 ათასამდე დოზის ადმინისტრირებაა სასურველი”, ამ შედეგის მისაღწევად კი საჭიროა დღეში მინიმუმ 3 ათასი აცრა გაკეთდეს:

“ეს ადამიანები [აცრილი მედპერსონალი] მეორედ უნდა აიცრან 8-12 კვირის განმავლობაში, მათთვის შესაბამისი 80 ათასი დოზა შემოდის აპრილის 20-დან და, შესაბამისად, მათთვისაც და კიდევ სხვა ჯგუფებისთვისაც საკმარისი დოზები იქნება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ვაქცინაცია გუშინ, 15 მარტს მედპერსონალის აცრით დაიწყო. მანამდე კი, 13 მარტს ამოქმედდა ონლაინ პორტალი, სადაც აცრის გაკეთების მსურველ ჯანდაცვის მუშაკებს ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირება შეეძლოთ.

Covid-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წელს ჯანდაცვის სექტორის მუშაკების 65%-ის ანუ 46 420 მედპერსონალის აცრა იგეგმება. რაც შეეხება ქვეყნის სრულ მოსახლეობას, გეგმის მიხედვით უნდა აიცრას მოსახლეობის 60% ანუ 1 691 214 ადამიანი.

Booking.moh.gov.ge: ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის ონლაინ პორტალი ამოქმედდა

მასალების გადაბეჭდვის წესი