ვატიკანის განცხადებით, კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირები ვერ აკურთხებენ ერთნაირსქესიანი ადამიანების კავშირებს. ამ პასუხს თან ახლავს რიგი განმარტებები, რომლებითაც კათოლიკური ეკლესია რაიმე სახის დისკრიმინაციის გამორიცხვას ცდილობს. თუმცა, როგორც საერთაშორისო მედია წერს, აღნიშნული პოზიცია იმედგამაცრუებელია მილიონობით კათოლიკე ადამიანისთვის, რომელიც ლგბტ თემის წევრია და ელის, რომ ეკლესია ლგბტ ადამიანების მიმართ მეტად შემწყნარებელი გახდება.
რა თქვა ვატიკანმა?
ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევა კათოლიკურ ეკლესიაში მოქმედმა “რწმენის დოქტრინის კონგრეგაციამ” რამდენიმე ეპარქიის შეკითხვის საპასუხოდ იუარა. ეპარქიებმა უწყებას ჰკითხეს: “აქვს თუ არა ეკლესიას ძალა, აკურთხოს ერთნაირსქესიანი პირების კავშირი”. ვატიკანის პასუხია: “უარყოფითი”.
“რწმენის დოქტრინის კონგრეგაციის” ცნობით, აღნიშნულ პასუხს რომის პაპის თანხმობაც ახლავს, თუმცა უწყება აქვე განმარტავს, რომ “ეს მიზნად ისახავს არა უსამართლო დისკრიმინაციას, არამედ ღვთისმსახურების რიტუალის ჭეშმარიტების შეხსენებას ქორწინების საიდუმლოებასთან და მასთან დაკავშირებულ კურთხევასთან მიმართებით”.
უწყება დასძენს იმასაც, რომ მსგავსი ურთიერთობები, შესაძლოა, პოზიტიურ ელემენტებსაც შეიცავდეს და ეს დასაფასებელია, თუმცა ეს ელემენტები ვერ იქნება კურთხევის წინაპირობა. ამავე პასუხში ის “ცოდვად” მოიხსენიებს ერთნაირსქესიანი ადამიანების კავშირებს და დასძენს, რომ რამდენადაც ღმერთი “არასდროს წყვეტს თითოეული თავისი პილიგრიმი შვილის დალოცვას… ის ვერ და არ აკურთხებს ცოდვას”.
ამასთან, განმარტებით ნაწილში ნათქვამია, რომ გეი ან ლესბოსელმა ადამიანმა, შესაძლოა, ინდივიდუალურად მიიღოს კურთხევა, თუ საეკლესიო სწავლებების მიხედვით იცხოვრებს. თუმცა იქვე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ეს ვერ შეეხება ურთიერთობების ნაწილს.
რას ამბობდა მანამდე უშუალოდ რომის პაპი?
ცნობილია რომის პაპის განცხადებები, რომლებშიც ლგბტ ადამიანების მიმართ ზემოხსენებულზე გაცილებით ლიბერალური დამოკიდებულება ჩანს. ერთ-ერთი ასეთი კომენტარი პაპმა ფრანცისკენ 2013 წელს გაახმიანა და გეი ადამიანებთან დაკავშირებით თქვა: “ვინ ვარ მე, რომ განვსაჯო?”
გასულ წელს, ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში კი პაპმა ლგბტ ადამიანებზე თქვა, რომ “ისინი ღმერთის შვილები არიან და აქვთ უფლება, ჰქონდეთ ოჯახი”.
“ის, რაც ჩვენ უნდა შევქმნათ, არის კანონი სამოქალაქო პარტნიორობაზე. ეს მათ იურიდიულად დაიფარავს. მე მხარს ვუჭერ აღნიშნულს”, – აცხადებდა პაპი.
მოგვიანებით, ვატიკანი შეეცადა დაეზუსტებინა ფრანცისკეს კომენტარები, რომელთაც კონტექსტიდან ამოგლეჯილი უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ეს განცხადებები არ ნიშნავს კათოლიკური ეკლესიის მხარდაჭერას ერთნაირსქესიანთა ქორწინებისადმი.
“არა გასაკვირი, თუმცა, იმედგამაცრუებელი”
ვატიკანის განცხადებებს მიესალმნენ ის კონსერვატორები, რომლებიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ეკლესიის დოქტრინის შეცვლას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აშშ-ში მომქედ “კათოლიკურ ლიგაში” ამბობენ, რომ ვატიკანის ამ პოზიციამ წერტილი დაუსვა საკითხის გარშემო მიმდინარე დისკუსიას და “გეი დღის წესრიგს”.
კრიტიკოსთა შორის კი არიან კათოლიკეები, რომლებიც წლების მანძლზე იმედოვნებენ, რომ მათი ეკლესია ლგბტ ადამიანებისა და მათი ურთიერთობების მიმართ მეტად შემწყნარებელი გახდება.
“იმის თქმა, რომ ჰომოსექსუალური პრაქტიკა ცოდვაა, გვაბრუნებს 200 წლით უკან და ხელს უწყობს სიძულვილის ენას, რომელიც, სამწუხაროდ, იზრდება ლათინურ ამერიკასა და ევროპაში”, — აღნიშნავს ესტებან პაულონი, რომელიც არგენტინაში — ამჟამინდელი პაპის სამშობლოში — ლგბტ ადამიანების უფლებებს იცავს.
ვატიკანის განცხადებებს გამოეხმაურა ამერიკელი აქტივისტი და მწერალი შარლოტ კლიმერიც, მოძრაობიდან “კათოლიკეები არჩევანისთვის”. მან “ტვიტერზე” დაწერა:
“იყო ლგბტქ ადამიანი, არ არის არჩევანი. ლგბტქ ადამიანები ღმერთის მიერ შესანიშნავად არიან შექმნილნი. ჩვენ ასეთებად დავიბადეთ, იმის მიუხედავად, რას ამტკიცებს ვატიკანი თუ სხვა რომელიმე რელიგიური ინსტიტუცია”.
კიდევ ერთი აქტივისტი ფრანცის დე ბერნანდო, რომელიც აშშ-ში, მერილენდის შტატში, გეი კათოლიკეების მოძრაობას უდგას სათავეში, აღნიშნავს, რომ “ვატიკანის პასუხი არ არის გასაკვირი, თუმცა ის იმედგამაცრუებელია”.
კათოლიკე სასულიერო პირები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ
მიუხედავად ვატიკანის პოზიციისა, სააგენტო “როიტერის” თანახმად, არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-სა და გერმანიაში, კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთმა სამრევლომ ერთნაირსქესიანთა კავშირების კურთხევა დაიწყო.
სააგენტოს თანახმად, აღნიშნულ პრაქტიკას გარკვეულწილად მხარს უჭერს კარდინალი, მიუნხენის მთავარეპისკოპოსი რეინჰარდ მარქსი, რომელიც რომის პაპის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველია.
გერმანიის ეპისკოპოსთა კონფერენციის ხელმძღვანელმა, გეორგ ბატინგმა ვატიკანის განცხადების შემდეგ თქვა, რომ ეს პოზიცია დაიკავებს ადგილს გერმანიის კათოლიკურ ეკლესიაში მიმდინარე დისკუსიაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თემა დახურულია.
მისი განცხადებით, გერმანიის ეკლესია განიხილავს არა მხოლოდ კათოლიკური ეკლესიის ამჟამინდელ მორალურ სწავლებებს, არამედ დოქტრინის განვითარებასა და იმ რეალობას, რომელშიც კათოლიკე ადამიანები ამჟამად ცხოვრობენ.