ახალი ამბები

31 მარტს თბილისში აქცია დაანონსდა ქსენოფობიური გზავნილით, “რიონის ხეობის მცველების’ თქმით, ეს მათი დემონსტრაცია არაა

16 მარტი, 2021 •
31 მარტს თბილისში აქცია დაანონსდა ქსენოფობიური გზავნილით, “რიონის ხეობის მცველების’ თქმით, ეს მათი დემონსტრაცია არაა

ქართული მარშის წევრის, გიორგი გიგაურის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ქსენოფობიური გზავნილის შემცველ განცხადებას, სადაც იგი მოსახლეობას 31 მარტს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისა და ულტიმატუმის წამოყენებისკენ მოუწოდებს, “თურქებმა დატოვონ ხეობა”, რიონის ხეობის მკვიდრი და ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილე მაკა სულაძე სოციალურ ქსელშივე პასუხობს და აცხადებს, რომ მათ საპროტესტო აქცია ჯერ არ დაუანონსებიათ.

გიორგი გიგაურის მოწოდებაში ნათქვამია, რომ “[პროტესტის] მუხტის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად, ეს [აქციები] ლოგიკურად უნდა გაგრძელდეს თბილისში, სადაც უკვე 100 ათასი კაცი გამოვა და ულტიმატუმს დააყენებს – “დატოვონ თურქებმა რიონის ხეობა!”.

სულაძის მიერ გავრცელებული განცხადებით, რიონის ხეობის მცველებს ჯერჯერობით არ დაუანონსებიათ თბილისში აქცია.

“ვრცელდება განცხადება, თითქოს 31-ში თბილისში აქციაა დაგეგმილი. ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ პირადად ჩვენთან ან ჩვენს გვერდზე “რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, და ნუ გაავრცელებთ ჩვენი სახელით განცხადებებს”, – ვკითხულობთ სულაძის პოსტში.

მაკა სულაძე ნეტგაზეთსაც ესაუბრა.

“ჩვენ აქციის დაწყების დღიდან გვაქვს გარკვეული მოთხოვნები, რომელიც კარგად იცის ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც და ამის გარდა სხვა ფრაზების შეცვლა ჩვენ არ გვეხება. ეს არ არის ჩვენ მიერ დაანონსებული აქცია და ჩვენ მიერ გაკეთებული განცხადება. ვისაც აინტერესებს, თვალყური ადევნოს ჩვენს განცხადებებს.

თუ მთავრობა დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, შეიძლება სულაც არ დაგვჭირდეს თბილისში ჩასვლა, თუმცა, თუ დაგვჭირდება, ჩავატარებთ. ჯერჯერობით აქციის ჩატარებისა და კონკრეტული რიცხვის შესახებ განცხადება არ გაგვივრცელებია”, – აცხადებს იგი აქციის შესაძლო თარიღის შესახებ საუბრისას.

ნეტგაზეთთან საუბრისას მაკა სულაძე ყურადღებას ამახვილებს ტერმინოლოგიაზე, რომელიც გიორგი გიგაურის მიერ გავრცელებულ პოსტშია.

“ჩვენ არ ვიზიარებთ ასეთი ფორმას. ჩვენ ვამბობთ, რომ თურქული კომპანია ენკა და არა თურქები, რადგან კომპანია მართლაც თურქულია და ამიტომ ვახსენებთ. რა მნიშვნელობა აქვს, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ქართული, ეს არ არის პრობლემა. ქართული რომ იყოს, ვიტყოდით, რომ ქართული კომპანიაა. მთავარი ისაა, რომ კერძო საკუთრებაში არ უნდა გადაეცეს ის მიწა, რომელიც ჩვენ ყველას გვეკუთნის და დამანგრეველ პროექტებზე მეტად უნდა დაფიქრდეს სახელმწიფო და არ უნდა მიიღებოდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება”, – აცხადებს მაკა სულაძე.


„რიონის ხეობის მცვლების“ ძირითადი მოთხოვნაა, გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „ენკა რინიუებლზისთვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების“ შესახებ.

14 მარტის აქციაზე მოთხოვნებს დაემატა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ორგანიზატორები შემდეგ, კიდევ უფრო მასშტაბურ დემონსტრაციას თბილისში, პარლამენტის წინ აანონსებენ, თუმცა თარიღი ჯერ არ დაანონსებულა.

თურქეთის მწვანეთა პარტიამ მხარი დაუჭირა და სოლიდარობა გამოუცხადა ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი