ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორში დაავადებულ ძაღლებს დახოცვას უპირებენ

16 მარტი, 2021 • 1976
ახალგორში დაავადებულ ძაღლებს დახოცვას უპირებენ

15 მარტს ახალგორის რაიონში ადგილობრივ მოსახლეობას დე ფაქტო პოლიციის წარმომადგენლები შეხვდნენ, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრეს მიუსაფარი ძაღლების საკითხზეც.

“მიუსაფარი ძაღლები არის კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ადგილობრივები წუხილს გამოთქვამენ. ახალგორელების განცხადებით, აგრესიული ცხოველები საფრთხეს წარმოადგენენ ხალხისთვის. ამის გამო ისინი ვერ ახერხებენ ქუჩებში თავისუფლად გადაადგილებას. ახალგორის რაიონის ადმინისტრაცია პირობას დებს, რომ გადაჭრის ამ პრობლემას”, – ნათქვამია დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებაში.

დე ფაქტო რესპუბლიკის ძაღლების, კატებისა და მტაცებელი ცხოველების ყოლის კანონმდებლობით, რომელიც ასახულია დე ფაქტო მთავრობის 2006 წლის 21 აგვისტოს განკარგულებაში, ძაღლები, მიუხედავად მათი ჯიშის, დანიშნულებისა და ნიშანთვისებებისა, პატრონების გარეშე საჯარო სივრცეებში ყოფნისას ექვემდებარებიან დაჭერას ან სროლით მოკვდინებას.

ნეტგაზეთი ახალგორელ აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ესაუბრა, რომლის განმარტებითაც, რაიონში მიუსაფარ ძაღლებს კანის დაავადება დემოდეკოზი აქვთ.

“ძაღლებში დემოდეკოზია გავრცელებული მთელ დაბაში და შეიძლება დახოცონ. მე დღეს ვთხოვე [უბნის რწმუნებულს], იქნებ ვუმკურნალოთ-მეთქი და ვნახავო, განმიცხადა”, – განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

მისივე თქმით, დაავადება ე.წ. შინაურ ძაღლებსაც გადაედოთ, რის გამოც, პატრონები მათ ხოცავენ. მეარაყიშვილის განმარტებით, დაავადების მკურნალობა შესაძლებელია და ის წარსულშიც არსებობდა.

ფოტო გარეკანზე: დაავადებული ძაღლი. © თამარ მეარაყიშვილი/ახალგორის რაიონი


დემოდეკოზი კანვეშა ტკიპის მიერ გამოწვეული კანის დაავადებაა, რა დროსაც ცხოველს კანზე არსებული ბეწვის საფარი სცვივა და უჩნდება წყლულები.

მასალების გადაბეჭდვის წესი