სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი ანა ნაგდალიანი სიცრუეს უწოდებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბაქომ ერევანს ყველა სამხედრო ტყვე გადასცა. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.
“ეს არის აზერბაიჯანული მხარის მორიგი სიცრუე ამ აქტუალურ ჰუმანიტარულ საკითხზე. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის ამ ქვეყნის სხვა შესაბამის ორგანოებთან, რომლებიც ადასტურებენ ათეულობით სომეხი სამხედროს ტყვეობას აზერბაიჯანში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც”.
სომხური მხარის ცნობითვე, აზერბაიჯანი სომეხი სამხედრო ტყვეების შესახებ ინფორმაციას არც ევროპულ სასამართლოს აწვდის, რომელიც განიხილავს სახელმწიფოთაშორის საქმეს “სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ”.
სომხური მხარის სხვადასხვა მონაცემით, ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი სომეხი სამხედრო ტყვე იმყოფება. ამ დრომდე აზერბაიჯანმა სომხეთს 69 ტყვე დაუბრუნა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის გუშინდელი განცხადებით, ოფიციალურმა ბაქომ ერევანს ყველა სამხედრო ტყვე გადასცა. მან ეს განცხადება აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფ შვედ კოლეგასთან, ან ლინდესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლას 10 ნოემბერს დადებული სამმხრივი შეთანხმება ითვალისწინებს.
ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, 12-13 დეკემბერს აზერბაიჯანულმა ძალებმა დაიკავეს სოფლები ხცაბერდი (ჩაილაღალა) და ჰინ-თაღერი (თაღლარი), რომლებსაც მანამდე არაფორმალური სომხური დაჯგუფება აკონტროლებდა. შეტაკების დროს დაიღუპა 10-ზე მეტი სომეხი და 4 აზერბაიჯანელი მებრძოლი. შეტაკებისას ტყვედ ჩავარდა რამდენიმე ათეული სომეხი მებრძოლი. ბაქოს ოფიციალური პოზიციით, ისინი დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის წევრები არიან და არა სამხედრო ტყვეები.