აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, ოფიციალურმა ბაქომ ერევანს ყველა სამხედრო ტყვე გადასცა. მან ეს განცხადება აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფ შვედ კოლეგასთან ან ლინდესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ ტყვეების გადაცემის პროცესი ჯერ კიდევ ომის დასრულებამდე დაიწყო. მისივე თქმით, 10 ნოემბრის შემდეგ დაკავებული მებრძოლები სამხედრო ტყვეები არ არიან.
გარდა ტყვეთა გაცვლის საკითხისა, ბაირამოვი ასევე შეეხო სომხეთის მიერ ყარაბაღში სამთო- მომპოვებელი სამუშაოების მიმდინარეობას. ბაირამოვმა ერევანი დაადანაშაულა დივერსიების მოწყობაშიც. მისი თქმით, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული სომეხი ჯარისკაცები ცდილობენ აზერბაიჯანში შეღწევას.
ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, სომხეთს ამ დრომდე არ გადაუცია აზერბაიჯანისთვის ნაღმების რუკაც.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუვრცელებია საპასუხო განცხადება ჯეიჰუნ ბაირამოვის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე.
მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლას 10 ნოემბერს დადებული სამმხრივი შეთანხმება ითვალისწინებს.
ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, 12-13 დეკემბერს აზერბაიჯანულმა ძალებმა დაიკავეს სოფლები ხცაბერდი (ჩაილაღალა) და ჰინ-თაღერი (თაღლარი), რომლებსაც მანამდე არაფორმალური სომხური დაჯგუფება აკონტროლებდა. შეტაკების დროს დაიღუპა 10-ზე მეტი სომეხი და 4 აზერბაიჯანელი მებრძოლი. შეტაკებისას ტყვედ ჩავარდა რამდენიმე ათეული სომეხი მებრძოლი. ბაქოს ოფიციალური პოზიციით, ისინი დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის წევრები არიან და არა სამხედრო ტყვეები.
