ახალი ამბები

ინტერნეტთან წვდომამ 86%-ს მიაღწია — კომუნიკაციების კომისია

16 მარტი, 2021 • 760
ინტერნეტთან წვდომამ 86%-ს მიაღწია — კომუნიკაციების კომისია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, 2020 წელს ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 57 ათასით გაიზარდა და 998 ათას აბონენტს მიაღრია.

კომისიის გნაცხადებით, 998 ათასი აბონენტიდან ფიქსირებულ ინტერნეტს 950 000 ოჯახი იყენებს, შესაბამისად, გაზრდილია ინტერნეტთან წვდომა, რომელმაც 86%-ს მიაღწია.

კომუნიკაციების კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა 45% ჰქონდა, დღეს ეს მონაცემი გაორმაგებულია:

“მნიშვნელოვანი და პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების 84% ოპტიკურ ტექნოლოგიას მოიხმარს. საქართველო ოპტიკური ინტერნეტის მოხმარებით ევროპის წამყვან 28 ქვეყანას უსწრებს — ანალიზი საერთაშორისო ორგანიზაცია FTTH council-მა გააკეთა, რომელიც ევროპაში ოპტიკური ქსელის განვითარებას სწავლობს.

ორგანიზაციის ბოლო, 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროპის 28 ქვეყანას ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის (FTTH/B) საშუალო პენეტრაცია 43.3% ჰქონდა, მაშინ, როცა 2019-ის ბოლოს საქართველოში ოპტიკის პენეტრაცია 67% იყო. FTTH council-ის 2020 წლის ანგარიშის შედეგებს კომუნიკაციების კომისია საზოგადოებას გამოქვეყნებისთანავე წარუდგენს”, – აცხადებს კომისია.

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებში ოპტიკური ტექნოლოგიის წლიური ზრდის ტემპი 2016 წლიდან 2019-ის ჩათვლით 12,2%, საქართველოში კი ორჯერ მეტი, 24% იყო. რაც შეეხება 2020 წლის მონაცემებს, კომისიის განცხადებით, საქართველოში 2016-2020 პერიოდზე იგივე მაჩვენებელმა 15.6% შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი