ახალი ამბები

“ვფიქრობ, შეთანხმებას შევძლებთ” – თალაკვაძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ

15 მარტი, 2021 •
“ვფიქრობ, შეთანხმებას შევძლებთ” – თალაკვაძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესი წინ მიდის და მიმდინარეობს პოზიციების დაახლოება. მან ამის შესახებ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

“პროცესი წინ მიდის, მოლაპარაკებები გრძელდება. მინდა მადლობა გადავუხადო ევროპელ კოლეგებს. ვფიქრობ, შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით ამოვწურავთ ამ უთანხმეობას და დავუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცეს.

პუნქტებზე არის წინსვლა, რჩება გარკვეული სამუშაო. თუ ოპოზიციის მხრიდან იქნება პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული, ვფიქრობ, რომ შეთანხმებას შევძლებთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

აქ ვინ იქცეოდა უპასუხისმგებლოდ, ვინ არ სცა პატივი არჩევნების შედეგებსა და ვინ ცდილობდა ძირი გამოეთხარა დემოკრატიისთვის, ვფიქრობ, ამ დიალოგში ამაზე საუბრის პროცესი წაგვიყვანს კიდევ უფრო შორს და ამან შეიძლება დაგვაშოროს შეთანხმების საერთო საკითხებს, რომლებზეც ჩვენ ვცდილობთ შეთანხმებას, თუმცა ეს სიმართლე თავისთავად არსებობს და საზოგადოებამ ეს კარგად იცის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიაციით განახლდა. 12 მარტს ევროკავშირის მედიატორობით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, დანიელსონმა განაცხადა ვიზიტის ერთი დღით გახანგრძლივების შესახებ. დღეს ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი საქართველოში კიდევ რამდენიმე დღით დარჩება, რათა ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში კონკრეტულ შედეგს მიაღწიონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი