ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფეისბუკი ბრძოლის მოედანია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის | აფხაზი პოლიტიკოსი

15 მარტი, 2021 •
ფეისბუკი ბრძოლის მოედანია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის | აფხაზი პოლიტიკოსი

ესაუბრა მარიანა კოტოვა, სოხუმი


პირველი აფხაზი ცენტრისტი

გარი სამანბა აფხაზეთში ცნობილი პოლიტიკოსია. 2002- დან 2017 წლამდე ვეტერანთა საზოგადოებრივ ორგანიზაციას, შემდეგში კი პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებულ “ამცახარას” ხელმძღვანელობდა. “ამცახარას” პარტიად ჩამოყალიბებას გარი სამანბა ყველაზე დიდ შეცდომად მიიჩნევს. ამის შესახებ მან სოხუმში 2021 წლის 9 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამის შემდეგ “ამცახარას” ხელმძღვანელობამ ის პარტიის რიგებიდან გარიცხა. თავად გარი სამანბა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ჭეშმარიტება უფრო ძვირფასია და აფხაზი ვეტერანები პოლიტიკით არ უნდა იყვნენ დაკავებული, რადგან უთანხმოებამ საზოგადოების განხეთქილება გამოწვია. 

არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია

აფხაზეთში ოპოზიცია დღეს პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მოუწოდებს, საკუთარი ნებით გადადგეს. ჩემი აზრით, ამის გაკეთება არ ღირს. მან საპრეზიდენტო სავარძელი აფხაზეთისთვის ძალიან რთულ დროს დაიკავა და ერთი წლის განმავლობაში, პანდემიისა და მსოფლიო კრიზისის დროს, საკუთარი თავის წარმოჩენა რთულია. თუმცა მის მიმართ ოპოზიციის ზოგიერთი შენიშვნა სამართლიანია. 

სუსტი საგარეო პოლიტიკური კურსი

ეს არის არასწორი საგარეო პოლიტიკა. საგარეო პოლიტიკური საქმიანობის კონცეფციაში საუბარია საქართველოსთან მრავალდონიან მოლაპარაკებებზე, თუმცა მკაფიოდ არაფერია ნათქვამი და თავად პრეზიდენტიც ვერ პასუხობს კითხვებს მკაფიოდ.

თავიდან ქართველი პოლიტიკოსები, თითქოს ჰუმანიტარული მიზნებით, ხატით ჩამოვიდნენ ჩვენთან. ისინი პრეზიდენტის თანაშემწე ლაშა საქანიამ ჩამოიყვანა. შემდეგ პრეზიდენტმა ის დაითხოვა და ყველამ ყველაფერი დაივიწყა. შემდეგ ჩნდება ბჟანიას მეორე თანაშემწე, ბენურ კვირაია, რომელიც ქართველ ბიზნესმენებთან რაღაც ურთიერთობებს ალაგებს. ისიც დათხოვნლია. პრეზიდენტი კვლავ ნათლად ვერ აყალიბებს საკუთარ პოზიციას ამ საკითხებთან დაკავშირებით. შეიძლება თუ არა ეს ნიშნავდეს იმას, რომ პრეზიდენტი თავს ვერ ართმევს საგარეო პოლიტიკის ფორმირების ამოცანას? შესაძლებელია. ამასთან, მოგეხსენებათ, ბჟანიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და პოლიტიკური სიატუაციების გამწვავების დროს სამედიცინო პროცედურებზე უწევს რუსეთში გამგზავრება. 

ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა

2020 წლის იანვარში ახრა ავიძბამ, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირმა, ბჟანიასთვის საპრეზიდენტო სავარძელი უზრუნველყო. სწორედ მან და მისმა შეიარაღებულმა მეგობრებმა მოაქციეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ალყაში, როდესაც აფხაზეთს რაულ ხაჯიმბა ხელმძღვანელობდა. ახრა ავიძბა იყო ის, ვინც უზენაესი სასამართლოს კედლებთან ათენებდა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების საკითხი წყდებოდა. 

მაშინ ახრა ავიძბა სჭირდებოდა ამჟამინდელ ხელისუფლებას. დღეს კი, როდესაც აქტივისტი ღიად გამოვიდა ასლან ბჟანიას წინააღმდეგ, მის სახლში იარაღის არსენალი აღმოაჩინეს, რომლითაც, სავარაუდოდ, თავად ბჟანიამ უზრუნველყო ის. ეს სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა. 

ვეტერანები პოლიტიკის მიღმა უნდა იყვნენ

როდესაც 2013 წელს გადაწყდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ამცახარას” პარტიად ამოყალიბება, იყვნენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ არ ღირს ამის გაკეთება. მაშინ არ მესმოდა – რატომ. დღეს კი ვაცნობიერებ, რომ ეს იყო დიდი შეცდომა. ვეტერანთა ერთი ნაწილი ერთ პოლიტიკურ ორგანიზაცია “არუაა”-ში ირიცხება, მეორე – “ამცახარა”-ში. შესაბამისად, ვეტერანთა შორის განხეთქილება წარმოიშვა. რეალურად, ვეტერანთა პარტია საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ომის მონაწილეები თანთანდანობით მიდიან ამ ცხოვრებიან, ბევრი უკვე გარდაიცვალა. და რა იქნება შემდეგ, როდესაც უკანასკნელი ვეტერანი გარდაიცვლება? პარტია არსებობას შეწყვეტს?

ისე მოხდა, რომ ჩვენთან პარტიების ლანდშაფტი ვერ განვითარდა, ამიტომაც აფხაზეთში პოლიტიკური დონე ძალიან დაბალია. უკეთესი იქნებოდა, ახალი პარტიების ფორმირება ადრე დაწყებულიყო, რაც არ მოხდა. ამიტომაც ახლა უნდა დაიწყოს ეს პროცესი. ამისთვის კი საჭიროა, ვეტერანებმა უარი თქვან პოლიტიკაზე. უნდა ჩამოყალიბდეს ვეტერანთა საერთო საბჭო, რომელიც თვალყურს ადევნებს პოლიტიკურ პროცესებს და უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობსა და სამართლიანობას. 

ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა თანამშრომლობდნენ 

ჩვენ დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხელჩართული ბრძოლის მომსწრენი ვართ. განსაკუთრებით, ეს ბრძოლა კარგად ჩანს სოციალურ ქსელებში. ფეისბუკი დღეს ბრძოლის მოედანი და საზოგადოების განწყობების ლაკმუსის ქაღალდია. ფეისბუკზე შეგვიძლია შევიდეთ და ვნახოთ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ტალახს როგორ ესვრიან ერთმანეთს. 

სოციალურ ქსელებში შესამჩნევია ისიც, რომ რუსეთის მიმართ უფრო მეტი ნეგატივი არსებობს. ჩვენ ვაკრიტიკებთ რუსეთის ხელისუფლებას ისე, თითქოს მის ერთ-ერთ რეგიონს წარმოვადგენდეთ.

მონადირეთა წესია, როდესაც დაიკარგები, უნდა დაუბრუნდე იმ ადგილს, საიდანაც თვალსაწიერიდან დაკარგე გზა და თავიდან დაიწყო სიარული. ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც, რათა საბოლოოდ არ დავკარგოთ ჩვენი არჩეული გზა.

გარი სამანბა, ფოტო: inform-24.com

 

მასალების გადაბეჭდვის წესი