ახალი ამბები

ინვესტორი მიწას კისერზე ხომ არ მოიკიდებს ან გამოაძრობს კაშხლის ქვემოდან?! – თურნავა

14 მარტი, 2021 • 1694
ინვესტორი მიწას კისერზე ხომ არ მოიკიდებს ან გამოაძრობს კაშხლის ქვემოდან?! – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას თქმით, თუ ვინმეს აქვს კითხვა,  კონკრეტული მიწა სჭირდება თუ არა “ნამახვანი ჰესის” პროექტს, კომპანია ვალდებულია გახსნას დოკუმენტები და აჩვენოს ეს პროექტი.

როგორც თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცეში“ განაცხადა, წინადადება, რომ ინვესტორმა დახარჯოს 830 მილიონი დოლარი და მას საკუთრებაში ან მართლზომიერ სარგებლობაში არ ჰქონდეს ის მიწა, რომელიც კაშხლის და ნაგებობის ქვეშ უნდა იყოს, არ არის გონივრული.

„ნამახვანი ჰესის“ მშენებელ კომპანიას გადავცემთ მხოლოდ იმ მიწას, რაც პროექტთან არის თავსებადი და დასაბუთებულად საჭირო. მე პარლამენტშიც განვაცხადე, რომ თუ ვინმეს, დავუშვათ, აქვს კითხვა, კონკრეტული მიწა სჭირდება თუ არა პროექტს, კომპანია ვალდებულია გახსნას დოკუმენტები და მას აჩვენოს ეს პროექტი. ჩვენ მიწა უპირობოდ კი არ გადავეცით კომპანიას, არამედ გადავეცით მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ნაგებობების განლაგებისთვის. თუ აღმოჩნდა, დავუშვათ, იგივე პროექტის დაზუსტების ფარგლებში ჩვენს მიერ დაგეგმილი კვლევების შემდეგ, რომ სადღაც [გადაცემულია] ჭარბი მიწა, სრული უფლება გვაქვს, უკან წამოვიღოთ. მიწასთან დაკავშირებული საკითხები არის ჩვეულებრივი პირობა, რომლითაც ჩვენ როგორც დიდ, ასევე პატარა პროექტებში ვიზიდავთ ინვესტორებს“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ჰიდროსადგური არ არის ერთი კონკრეტული შენობა — ეს არის ნაგებობა, სადაც განთავსებულია ტურბინები, რამდენიმეკილომეტრიანი სადერივაციო, ე.წ. გვირაბი, არხი, რომლის გარეშეც ჰესი ვერ იმუშავებს და წყალსაცავი.

„მაგალითად, ნამახვანის წყალსაცავის სარკე არის 530 ჰა — ეს  ენგურთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებია, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდია და ცხადია, დიდ პროექტს  დიდი მიწა ესაჭიროება. მაგალითად, ავიღოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც არ არის ენერგეტიკული ობიექტი, მაგრამ  მაგრამ ამ ნაწილში შეიძლება შევადაროთ — კონსორციუმს 500 ჰა მიწა უკვე გადაცემული ჰქონდა გრძელვადიანი სარგებლობით  და რომ არ ჩაშლილიყო ეს პროექტი, კიდევ 700 ჰა გვქონდა გამზადებული გადასაცემად. და რა, ცოტა მარტივი ენით რომ ვთქვათ, [ინვესტორი] ხომ არ მოიკიდებს ამ მიწას კისერზე, ან ხომ არ გამოაძრობს კაშხლის ქვემოდან?“— აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა, ასევე, მაგალითად მოიყვანა კომპანია „ენერგო პროს“ კუთვნილი აქტივები იმავე რიონის ხეობაში.

„მოდით, გავაყოლოთ თვალი რიონის ხეობას და ვნახოთ, რაიმე ისეთი უნიკალური, ექსტრაორდინალური არის თუ არა „ნამახვანის“ ხელშეკრულებაში? მაგალითად, იგივე ჩეხური კომპანია „ენერგო პრო“ უდიდეს მიწას და აქტივებს ფლობს ხეობაში  და რა მერე? 6500 ქართველ ადამიანს ასაქმებს „ენერგო პრო“ და აკეთებს ქართულ საქმეს. ეს არის საბაზრო ეკონომიკის ანა-ბანა“ – განაცხადა მინისტრმა.


“ნამახვანი ჰესის” კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი, ინვესტორისთვის რიონის ხეობაში დიდი რაოდენობით მიწის გადაცემაა. EMC-ის შეფასებით, კომპანისათვის გადაცემული მიწის გარდა, დაახლოებით დამატებით 600 ჰა-მდე მიწის ტერიტორიაზე, მთავრობა ვალდებულია 1 ლარად გადასცეს კომპანიას სხვა “საჭირო მიწის ნაკვეთებიც”, მაშინაც კი, თუ მიწას აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი.

ორგანიზაციის თანახმად, ხელშეკრულებაში ტერმინი „საჭირო მიწა“ განმარტებულია „მეტისმეტად ფართოდ“ და მოიცავს იმ ნაკვეთებს, რომლებიც საჭიროა არა მხოლოდ მშენებლობისთვის, არამედ წიაღისეული რესურსების (მათ შორის, ქვიშა-ხრეში) მოსაპოვებლად. ამასთან:

„მიწის „საჭიროებას“ ადგენს კომპანია, მისი განსაზღვრებები კი იმდენად ფართოა, რომ შეეხება რიონის ხეობას, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთს. თუ „საჭირო მიწა“ იქნება ისეთი კერძო პირის საკუთრებაში რაჭა-ლეჩხუმის ან იმერეთის ტერიტორიაზე და რიონის ხეობის ფარგლებში ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელიც გასხვისებაზე უარს იტყვის, სახელმწიფო ვალდებულია, ამ მიწის ექსპროპრიაციის/ჩამორთმევის გზით მოპოვებაშიც დაეხმაროს კომპანიას“.

სამინისტრომ ამასაც „სპეკულაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ: „საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე, ისეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებებში, როგორიცაა ნამახვანის ხელშეკრულება, უკლებლივ ყველა სენსიტიური თემა და, რაღა თქმა უნდა, მათ შორის მიწის საკითხები განიხილება დეტალურად და ამომწურავად. აღნიშნული მიზნად ისახავს არა იმას, რომ ინვესტორმა ჰესის მშენებლობის საბაბით თითქოსდა მიიტაცოს მიწები, რომელთა არამიზნობრივ გამოყენებასაც იგი მომავალში შეეცდება, არამედ იმას, რომ შემდგომში მაქსიმალურად შემცირდეს ორმაგი ინტერპრეტაციის რისკი. ნამახვანის შემთხვევაშიც ის ტერმინები, რომლებიც ეხება მიწას და მასთან დაკავშირებულ უფლებებს, ამომწურავადაა განხილული და მიუთითებს ყველა იმ გონივრულ საჭიროებაზე, რისთვისაც კომპანიას შესაძლოა დასჭირდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთის გამოყენება. ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას პროექტის განსახორციელებლად საჭირო მიწის ნაკვეთების ინვესტორისათვის საკუთრებით ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემა წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას, სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, ინვესტორი ვერ შეძლებს პროექტის განხორციელებას“.

EMC-მ ამ ნაწილში სამინისტროს პასუხად განაცხადა, რომ სამინისტროს მცდელობის მიუხედავად, „კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციის მიწოდებით არასრული შთაბეჭდილება შეექმნა ხელშეკრულების შინაარსზე (მაგ. იმის შესახებ, რომ „საჭირო მიწები“ ამომწურავადაა ჩამოთვლილი დანართში)“, ნათელია:

„ხელშეკრულებაში ტერმინი „საჭირო მიწა“ განმარტებულია მეტისმეტად ფართოდ და მოიცავს იმ ნაკვეთებს, რომლებიც საჭიროა არა მხოლოდ მშენებლობისთვის, არამედ ბუნებრივი რესურსების (მათ შორის, ქვიშა-ხრეში) მოსაპოვებლადაც რიონის ხეობის, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიაზე. საჭირო მიწის „საჭიროებას“ კი ადგენს კომპანია და ამ დადგენისას მხოლოდ გონივრულობის უზოგადესი სტანდარტითაა შეზღუდული“.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ეწერა, რომ ოფიციალურ აქტს მიწის გადაცემის შესახებ აუცილებლად გამოსცემს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანო, მაგრამ EMC-ის თანახმად, ხელშეკრულებით, მთავრობა უკვე „ვალდებულია გადასაცეს“ საჭირო მიწები ხსენებული ტერიტორიის ფარგლებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი