კვირას, 14 მარტს, ქუთაისის მთავარ მოედანზე, 13:00 საათიდან ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო დემონსტრაციის გამართვაა დაგეგმილი.
აქციის ორგანიზატორები, „რიონის ხეობის მცველები“ გეგმავენ, კვირა საღამოს ქალაქში დარჩნენ და ასე გამოხატონ პროტესტი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ.
მათი ძირითადი მოთხოვნაა, — ასევე სხვა მოქალაქეების, რომლებიც დროთა განმავლობაში შეუერთდნენ დემონსტრაციას, — გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „ენკა რინიუებლზისთვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების“ შესახებ.
აქციამდე ორი დღით ადრე, 12 მარტს, ქუთაისში ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის შეხვედრა იყო დაგეგმილი ადგილობრივ მოსახლეობასთან.
შეხვედრები ჰესის წინააღმდეგ მასშტაბურ პროტესტს მოჰყვა. გასულ და მიმდინარე კვირაში რიონის ხეობაში შეხვედრისას და პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას მინისტრებმა პირობა დადეს, რომ 12 მარტს მოსახლეობის კითხვებს უპასუხებდნენ.
თუმცა მინისტრებმა ეს შეხვედრა რამდენიმე წუთში, შეთანხმების დეტალების გამოცხადების შემდეგ, დატოვეს. ამას ადგილობრივების და არასამთავრობოების უკმაყოფილება მოჰყვა. მათ პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს.
შეხვედრის დასაწყისში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გამოაცხადა, რომ ნამახვანი ჰესის ინვესტორთან, კომპანია „ენკასთან“ დიალოგის შედეგად რამდენიმე საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს:
- კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება ძირითადი კვლევების გადამოწმებამდე;
- შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მლნ-იანი ფონდი;
- ნამახვანის ინვესტორ კომპანიაში ქართველი დირექტორი დაინიშნება;
- ნამახვანი ჰესის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო;
ვრცლად: