ახალი ამბები

13 მარტიდან ბაზრობები და მოლები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

13 მარტი, 2021 • 947
13 მარტიდან ბაზრობები და მოლები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

13 მარტიდან როგორც სავაჭრო მოლებისთვის, ისე ბაზრობებისთვის, შაბათ-კვირას მუშაობა დასაშვები გახდება. ამის შესახებ ნათქვამია კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმაში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა თებერვალში წარადგინა.

ამ დრომდე ხსენებულ ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჰქონდათ.

შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის ფარგლებში უკვე აღდგა მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, გაიხსნა რესტორნების შიდა სივრცეები შაბათ-კვირის გარდა და  სასტუმროები სამთო კურორტებზე. მუშაობა განაახლეს მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმაც.

15 მარტიდან გაიხსნება სპორტული დარბაზები, თეატრებს, სპორტულ კლუბებს და პროფესიულ ანსამბლებს კი უფლება მიეცემათ, რეპეტიციები და ვარჯიში განაახლონ. ამავე დღიდან შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის წარმართვა აუდიტორიებში.

გეგმის თანახმად, ძალაში რჩება “კომენდანტის საათი” 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი