სამოქალაქო საბჭოები სპეციალური მექანიზმია, რომლითაც მოქალაქეებმა თვითმმართველობების საქმიანობაში თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ. თუმცა, როგორც „ურბანული კვლევის ცენტრის“ კვლევამ აჩვენა, მექანიზმი ხარვეზიანია და ჯეროვნად ვერ მუშაობს.
რას გულისხმობს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო?
თბილისში, როგორც სხვა ქალაქებში, 2015 წლიდან სავალდებულოა, რომ გამგეობის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები არსებობდეს – ეს არის საუბნო დონეზე, ურბანულ საკითხებზე მსჯელობის სპეციალური პლატფორმა, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითაა“ რეგულირებული.
წესით, საბჭოში არანაკლებ 10 წევრი უნდა შედიოდეს, ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს და ასევე უნდა მონაწილეობდნენ საზოგადოების ისეთი ჯგუფები, როგორიცაა შშმ პირები, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა უმცირესობები.
სხდომები უნდა გაიმართოს 3 თვეში ერთხელ, ხოლო მერია/გამგეობა ვალდებულია საბჭოს სხდომების ოქმები გამოაქვეყნოს სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში. თუმცა, როგორც კვლევაში „ურბანულ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკა თბილისის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების მაგალითზე“ – ვკითხულობთ, ამ საბჭოებს მხოლოდ ფორმალური ფუნქცია აქვთ.
მეტიც, კვლევამ აჩვენა, რომ დედაქალაქის ათი გამგეობიდან კანონით აუცილებელი საბჭო მხოლოდ 7-ში ფუნქციონირებს, ასეთი საბჭოები არ არსებობს ვაკის, კრწანისისა და სამგორის გამგეობებში.
გამოწვევები
კვლევა გამოთხოვილ ოქმებზე დაყრდნობით ამბობს, რომ სხდომები კანონით გათვალისწინებულზე ნაკლები სიხშირით იმართება. საბჭოს სხდომები ძირითადად გამგეობის მიერ გაწეული სამუშაოების თაობაზე ანგარიშების გაცნობას ემსახურება და შეხვედრებზე ნაკლებად არის წახალისებული საბჭოს წევრების მხრიდან საკუთარი ინიციატივების გაცნობა და განხილვა.
„ბუნდოვანია საბჭოს მიერ წარდგენილი რეკომენდაციებისა და ინიციატივების აღსრულების საკითხი. ხარვეზულია საბჭოს ოქმების პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა; საბჭოები ნაკლებადაა უზრუნველყოფილი საინფორმაციო მხარდაჭერით, რაც მათ შესახებ მოსახლეობის ნაკლებ ინფორმირებულობაში გამოიხატება“, – ამბობენ კვლევის ავტორები.
ამასთანავე, ავტორებისთვის საყურადღებოა, რომ ზოგიერთ ოქმში ერთი და იმავე პრობლემების ჩამონათვალი მეორდება. მაგალითად, სკვერებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების საჭიროება, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ მიუხედავად საბჭოს რეკომენდაციებისა, გამგეობას მათი მოთხოვნები არ დაუკმაყოფილებია.
„პრობლემების გარდა, განსაკუთრებით საინტერესოა ოქმებში ასახული მოქალაქეების განწყობები და ინიციატივები. მაგალითად, საბურთალოს რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები თავად სთხოვენ გამგეობას სამუშაო პროცესის წარმართვისთვის საჭირო ტრენინგების ჩატარებას; ასევე, განიხილავენ გამგებლის მიერ წარდგენილ პროექტებს, გამოთქვამენ აზრს, შეაქვთ შესწორებები და ახალი რეკომენდაციით უგზავნიან გამგებელს“.
გარდა ამისა, კვლევის თანახმად, პრობლემაა მოქალაქეთა ინფორმირება – საიტებსა თუ სოციალური ქსელებში გვერდებზე ინფორმაცია არ ახლდება.
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ საბჭოებით მოსახლეობის ნაკლები დაინტერესება ან პასიურობა მხოლოდ არაინფორმირებულობით არაა გამოწვეული. მიზეზი შეიძლება საბჭოებში ჩართვის ნეგატიური გამოცდილება გახდეს, რომელიც მოსახლეობას ნდობას და ენთუზიაზმს უკარგავს არა მხოლოდ ამ ტიპის მექანიზმის, არამედ თანამონაწილეობითი დაგეგმვის, როგორც პროცესის, მიმართ.
„საზოგადოებრივი საბჭოს წევრები ისხდნენ, როგორც მსმენელები და მაყურებლები. ჩვენგან, წევრებისგან, არავის არაფერი აინტერესებდა, საუბრობდა გამგებელი და რამდენიმე ოფიციალური პირი. ბოლო შეხვედრაზე არც მივსულვარ, ჩავთვალე, რომ აზრი აღარ ჰქონდა“ ,- ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
დოკუმენტში მოქალაქეთა ინტერვიუებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ ძალიან მცირეა დიაპაზონი იმ პრობლემური საკითხებისა, რომელზე გავლენის შესაძლებლობაც მოქალაქეებს აქვთ. მათი თქმით, ეს პრობლემა განსაკუთრებით ჩანს ურბანული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გამოთხოვილ ოქმების მიხედვით, მოსახლეობის მიერ შემდეგი საჭიროებებია დაფიქსირებული: მწვანე და სარეკრეაციო სივრცეების შექმნა; კონკრეტულ ქუჩებსა და უბნებში ტრანსპორტის დანიშვნა; გზებისა და საკანალიზაციო მილების შეკეთება; პრობლემური მშენებლობები; ზებრა გადასასვლელებისა და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა; კულტურული ცენტრების რეაბილიტაცია. საჭიროებებთან ერთად, მწვანე სივრცის შექმნასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობაზე საუბრობს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
„თუმცა, როცა ხმამაღლა ვაჟღერებდი, გამგებელმა თქვა, რატომ მეჩხუბება სულო, ჩემზე. აი, როცა არ ეთანხმები, აღიქმება ჩხუბად მათთვის. გულწრფელად ჰგონიათ, რომ რასაც თავად წყვეტენ, ეგ არის საუკეთესო. […] მაინც გაკეთდა ის სკვერი […] ეს იყო გამგებლის გადაწყვეტილება და როგორც თავად მოსწონდა, ისე გააკეთა“, – ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
ჩვენ ვკითხეთ კვლევის ავტორს, ნათია კეკენაძეს, რა პასუხი ჰქონდა მერიის ან/და გამგეობის წარმომადგენლებს აღნიშნულ პრობლემებზე. მან გვიპასუხა, რომ გამგეობის წარმომადგენლებმა კვლევაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, ხოლო მერიაში შესაბამისი დოკუმენტი კითხვებით უკვე გაგზავნილია.
„მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი სავალდებულო მექანიზმის, მრჩეველთა საბჭოების კვლევამ და 5- წლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ქალაქ თბილისის გამგეობებში საბჭოების საქმიანობის ხარვეზები გამოწვეულია მოსახლეობის არაინფორმირებულობით, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა თუ რეკომენდაციების სუსტი ლეგიტიმაციით, გამგეობასა და საბჭოს შორის კომუნიკაციის ხარვეზებით.
საბჭო სათათბირო ორგანოა და მისი რეკომენდაციების მიმართ გამგეობისა და მერიის მხრიდან ღიაობა საბჭოს, როგორც თანამონაწილეობითი მექანიზმის, ფუნქციის აღსრულებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – ამბობენ კვლევის ავტორები დასკვნით ნაწილში.
„ამომრჩეველთა საბჭოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შესაძლებლობის განვითარებისთვის შეიძლება შეიქმნას პროგრამული დაფინანსება, ქალაქ მანჰაიმის მსგავსად, ან ვენის მაგალითზე მოხდეს სხვადასხვა ტექნოლოგიური და ინოვაციური მეთოდის გამოყენებით თანამონაწილეობის მექანიზმით საზოგადოების დაინტერესება. პანდემიის კონტექსტში კვლავ აქტუალური გახდა მსოფლიოში SMART მიდგომების („ჭკვიანი” ქალაქის ელემენტების) დანერგვა ქალაქების მართვასა და დაგეგმარებაში. ასეთი სიახლეები შეიძლება კომბინირდებოდეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებთან და შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ციფრული პლატფორმების შექმნაში (მობილური აპლიკაციები, ინტერაქტიული ვებ-გვერდი, ინტერაქტიული რუკა).
ურბანულ დაგეგმვა-დაგეგმარებაში მოქალაქეთა ჩართულობის მცირე და წარუმატებელი გამოცდილების გათვალისწინებით, პრიორიტეტული უნდა იყოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, როგორც მექანიზმის,ფუნქციური დახვეწა და განვითარება. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მოქალაქეების მონაწილეობის პრაქტიკის გამტკიცებაში“
კვლევა ჩატარებულია პროექტის: „ურბანული განვითარების მართვის მუნიციპალური სისტემა: საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება“ ხორციელდება „ურბანული კვლევების ცენტრის (URC)“ მიერ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.
რაც შეეხება მეთოდოლოგიას ტექსტში, მეორადი ლიტერატურის კვლევის, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ჩატარებული ნახევრად-სტრუქტურირებული ინტერვიუებისა (5 ინტერვიუ) და გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, წარმოდგენილი იქნება საბჭოების, როგორც მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების სისტემური პრობლემები და შესაძლებლობები.