ახალი ამბები

RT-ს ყოფილი რეპორტიორი ამბობს, რომ კლინიკაში ნავალნის “თვალთვალს” ავალებდნენ

12 მარტი, 2021 •
RT-ს ყოფილი რეპორტიორი ამბობს, რომ კლინიკაში ნავალნის “თვალთვალს” ავალებდნენ

რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული Russian Today-ის უკვე ყოფილი რეპორტიორი ამბობს, რომ ავალებდნენ, ინფორმაცია მოეპოვებინა გერმანიაში,  საავადმყოფოში მყოფი ალექსეი ნავალნიზე

გერმანელი ჟურნალისტი, დანიელ ლანგი გერმანულ მედიას უყვება, რომ ჟურნალისტის აკრედიტაციის გამოყენებით უნდა დაედგინა , რამდენად ახლოს იყო შესაძლებელი ნავალნის პალატასთან მისვლა. ამას გარდა, მას უნდა გადაეღო ფოტოები, სადაც ასახული იქნებოდა ბერლინის შარიტეს საავადმყოფოში მყოფი სამხედროები. ნავალნი რუსეთში მოწამვლის შემდეგ სწორედ ამ კლინიკაში მკურნალობდა.

ლანგი “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას ამბობს, რომ ამ დავალებებს ჟურნალისტურ საქმიანობასთან კავშირი არ ჰქონდა და საბოლოოდ ჟურნალისტმა RT-ის გერმანულ ბიუროსთან კონტრაქტი გაწყვიტა. ჟურნალისტის თქმითვე, მის კოლეგასთან ერთად უნდა გაერკვია, რამდენად შიგნით შეეძლოთ საავადმყოფოს შენობაში შესვლა და რამდენი “საგუშაგო” უნდა გაევლოთ. ანუ რამდენად ახლოს შეეძლოთ ნავალნის პალატასთან შეუმჩნევლად მისვლა.

“რამდენჯერმე ვუთხარი, რომ საიდუმლო აგენტი არ ვიყავი. ასევე ვკითხე, რუსეთში რას მიზამდნენ, სამხედრო ჰოსპიტლის წინ ჯარისკაცისთვის საიდუმლოდ ფოტო რომ გადამეღო.”

როგორც ჟურნალისტი ჰყვება, ნავალნის შტაბის უფროსისა და საქმის გამომძიებლის ხელმძღვანელისთვის უნდა ედევნებინა თვალყური. 10 მარტს Rassia Today-მ განაცხადა, რომ გერმანული Bild-სთვის ჩივილს აპირებს. ლანგმა ბრალდებების შესახებ პირველად სწორედ მათთან ისაუბრა. რუსეთის სახელმწიფოსგან დაფინანსებული არხი აცხადებს, რომ ბრალდებები შესაძლოა მათ წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილი იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი