ახალი ამბები

“ღარიბაშვილი ტყუის, როგორც მერი მე მას არასდროს შევხვედრივარ” – უგულავა

12 მარტი, 2021 •
“ღარიბაშვილი ტყუის, როგორც მერი მე მას არასდროს შევხვედრივარ” – უგულავა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც “ქართუს” წარმომადგენელს, მერობის პერიოდში არასდროს შეხვედრია.

“ღარიბაშვილი ტყუის. 2010 წელს ფონდ “ქართუსთან” ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი იყო. ივანიშვილისგან მხოლოდ გიგა ჩრდილელი, “ქართუს” მაშინდელი პრეზიდენტი, იყო კავშირზე მხოლოდ ჩემთან. მეტი  ხელისუფლების მხრიდან “ქართუდან” არავისთან შეხება აღარ ჰქონია. როგორც მერი, მე მას არასდროს შევხვედრივარ, ვიდრე 2012 დეკემბრამდე, როცა ის შსს მინისტრი გახდა. ასე რომ, სრული ტყუილია. უსინდისო და მოკლეფეხება ტყუილი”, — აცხადებს უგულავა.

ასე გამოეხმაურა უგულავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას TV პირველზე გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, აღნიშნული ჩანაწერები 11 წლის წინანდელი საუბრებისგან შედგება და ერთ-ერთი მონაკვეთში, სადაც მინისტრებზეა საუბარი, “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი მინისტრები იგულისხმება. მისი თქმით, იმ პერიოდში “ქართუ ფონდს” ხელმძღვანელობდა და საქველმოქმედო პროექტების ფარგლებში შეხვედრებს არაერთ მინისტრთან თუ მაღალი თანამდებობის პირთან მართავდა.

“ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრებისგან. ეს არის ჩვეულებრივი ფაბრიკაცია. საუბარი იყო, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ. მე მინდა განმარტება გავაკეთო მოსახლეობისათვის. მოგეხსენებათ, მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბატონი ბიძინა ივანიშვილის “ფონდ ქართუს”. ჩვენ 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა წელიწადში, მოგეხსენებათ, 3 მილიარდი დოლარი აქვს ბატონ ბიძინას დახარჯული ამ ფონდის მეშვეობით ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ მე მიწევდა პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან.

მე მქონდა არაერთი შეხვედრა ბატონ რურუასთან, რომელიც კულტურის მინისტრი იყო, ჯანდაცვის მინისტრ კვიტაშვილთან, განათლების მინისტრთან, თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან, პრეზიდენტის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან გვქონდა არაერთი მოლაპარაკება, პრეზიდენტის დედა, ქალბატონი გიული ალასანია ხშირის სტუმარი იყო ჩემი, როდესაც მე ვიყავი ფონდის პრეზიდენტი”, — აცხადებს ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი