ახალი ამბები

შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი 5 მლნ ბიუჯეტით – თურნავა ნამახვანზე

12 მარტი, 2021 • 1267
შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი 5 მლნ ბიუჯეტით – თურნავა ნამახვანზე

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანიასთან ასევე მიღწეულია შეთანხმება „რიონის ხეობის განვითრების ფონდის“ შექმნის შესახებ.

„5 მლნ-ის ფონდი იქმნება, რომელიც [პროექტის] მშენებლობის განმავლობაში იმოქმედებს და მხარს დაუჭერს ხეობის მოსახლეობისთვის საჭირბოროტო პროექტებს“, – განაცხადა მინისტრმა.

თურნავას თქმით, ამ ფონდში, — რომელიც თავიდანვე, პროექტის ინიცირებისას იყო შესაქმნელი, — „შეიტანს კონტრიბუციას ინვესტორიც და სახელმწიფოც“.

მის თანახმად, ფონდის თანხების განკარგვაში, პრიორიტეტების შემუშავებაში ჩაერთვებიან ადგილობრივი სათემო ორგანიზაციები.

„ფონდი დაფარავს არა მხოლოდ იმ სოფლებს, რაც ჰესის მშენებლობის არეალშია, არამედ წყალტუბოს და ცაგერის სოფლებს, რაც რიონის ხეობაში ექცევა“, – განაცხადა მან.

ეკონომიკის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ინვესტორთან შეთანხმებით, ნამახვანჰესის ძირითადი ნაგებობების — კაშხლისა და წყალსაცავის — მშენებლობა მანამ არ დაიწყება, სანამ ძირითადი კვლევები არ გადამოწმდება. თუმცა, მისი განცხადებით, კომპანია გააგრძელებს გზისა და „მეორეხარისხოვანი ელემენტების“ მშენებლობას.

ნამახვანის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება კვლევების გადამოწმებამდე – თურნავა

მასალების გადაბეჭდვის წესი