ახალი ამბები

ნამახვანის ინვესტორ კომპანიაში ქართველი დირექტორი დაინიშნება – თურნავა

12 მარტი, 2021 • 1303
ნამახვანის ინვესტორ კომპანიაში ქართველი დირექტორი დაინიშნება – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობის მოთხოვნით, ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანია „ენკა რინიუებლზში“ ქართველი დირექტორი დაინიშნება.

„ჩვენი მოთხოვნით, მიღწეულია კომპანიასთან შეთანხმება, დაინიშნოს ქართველი დირექტორი“, – განაცხადა თურნავამ მოსახლეობასთან შეხვედრისას 12 მარტს.

მისი თქმით, ამით უფრო მეტი გარანტია შეიქმნება, რომ „იქ დასაქმებულთა უფლებები იყოს ბოლომდე დაცული და იყოს სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან“.

ნათია თურნავა ასევე აცხადებს, რომ ინვესტორთან შეთანხმებით, ნამახვანჰესის ძირითადი ნაგებობების — კაშხლისა და წყალსაცავის — მშენებლობა მანამ არ დაიწყება, სანამ ძირითადი კვლევები არ გადამოწმდება. თუმცა, მისი განცხადებით, კომპანია გააგრძელებს გზისა და „მეორეხარისხოვანი ელემენტების“ მშენებლობას.

ამასთან, თურნავას თანახმად, ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანიასთან მიღწეულია შეთანხმება „რიონის ხეობის განვითრების ფონდის“ შექმნის შესახებ.

„5 მლნ-ის ფონდი იქმნება, რომელიც [პროექტის] მშენებლობის განმავლობაში იმოქმედებს და მხარს დაუჭერს ხეობის მოსახლეობისთვის საჭირბოროტო პროექტებს“, – განაცხადა მინისტრმა.

თურნავას თქმით, ამ ფონდში, — რომელიც თავიდანვე, პროექტის ინიცირებისას იყო შესაქმნელი, — „შეიტანს კონტრიბუციას ინვესტორიც და სახელმწიფოც“.

ნახეთ ასევე:

რას პასუხობს ეკონომიკის მინისტრი EMC-ის კითხვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი