ახალი ამბები

ჩვენ დავეხმარებით პარტიებს, რომ თვითონ იპოვონ გამოსავალი – დანიელსონი

12 მარტი, 2021 • 531
ჩვენ დავეხმარებით პარტიებს, რომ თვითონ იპოვონ გამოსავალი – დანიელსონი

საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამბობს, რომ მისი მისია პოლიტიკური პარტიების დახმარებაა, რათა პარტიებმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი თავად იპოვონ. ამის შესახებ მან დღეს, 12 მარტს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარტიებმა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი კომპრომისებზე წასვლით უნდა იპოვონ.

“ახლა ჩემი, როგორც პირადი წარმომადგენლის როლი არის, რომ დავეხმარო იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ამჟამად ქვეყანაშია. ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს, რომ დიალოგის მონაწილე ყველა მხარეს შეეძლოს წინ წაწევა, პროგრესის მიღწევა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. როგორც აქამდე ელჩი ჰარცელი და დეგნანი უწევდნენ ფასილიტაციას, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ. ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას უთმობს.

აქ რაც ხდება, ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ჩვენი მხრიდან შეშფოთებაა, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული. ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელიც ეხება პანდემიას, ეკონომიკურ სიტუაციას, ამიტომ გვჯერა, რომ ახლა არის დრო, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა ყველა ძალა მოიხმონ, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ კომპრომისის სახით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი როლი, ისევე როგორც ბატონი ჰარცელისა და ელჩი დეგნანის, ის არის, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. ეს არის პარტიების, მათი წარმომადგენლების საქმე, რომ ჩვენი დახმარებით თვითონ იპოვონ გამოსავალი იმისთვის, რომ ამ სიტუაციას გაუმკლავდნენ და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის კოვიდი, ეკონომიკური სიტუაცია, და გამოსავალი ნახონ. ეს არის ხედვა იმისკენ, რომ ჩვენ უფრო გავერთიანდეთ”, — განაცხადა დანიელსონმა.

ამასთან, კრისტიან დანიელსონი, რომელიც საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მედიატორი უნდა იყოს, არ აკონკრეტებს, თუ რა წინადადებები შეიძლება შესთავაზოს მან მხარეებს. მისი თქმით, თავდაპირველად ყველა მხარეს ინდივიდუალურად შეხვდება და მოუსმენს.

“ჩვენ ძალიან ნაყოფიერად, სრული ჩართულობით უნდა ვიმუშაოთ ამ დღეების განმავლობაში იმისთვის, რომ ამ მედიაციამ შედეგი გამოიღოს. ჩემი მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, მოსმენაა. დილით უკვე შევხვდი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, დღის განმავლობაში შევხვდები სამოქალაქო საზოგადოებისა და ასევე, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. მერე ვნახავთ, როგორ შეგვიძლია, რომ პროცესი წინ წავიდეს”, — განაცხადა დანიელსონმა.

რაც შეეხება ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას და “მთავარი არხის” მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს, დანიელსონი ამბობს, რომ პოლიტიზებული მართლმსაჯულება იქნება ერთ-ერთი ის საკითხი, რომელზეც საქართველოში ყოფნის პერიოდში გამართული შეხვედრებისას განიხილავს.

“საარჩევნო რეფორმა, პოლიტიზებული მართლმსაჯულება, ეს ის საკითხებია, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, რომელიც განსჯის საგანია. მზად ვართ, რომ ამ დღეებში ამ საკითხებზე ვიმუშაოთ“,-განაცხადა დანიელსონმა.


საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს, 12 მარტს, ჩამოვიდა.

დანიელსონი ქვეყანაში შეხვედრებს მართავს როგორც მთავრობის, ასევე, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოში „ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

დანიელსონი, საქართველოში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, პარტიებს შორის დიალოგს ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად გაუწევს მედიაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი