ახალი ამბები

ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდება ერთ პირს წარუდგინეს

12 მარტი, 2021 •
ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდება ერთ პირს წარუდგინეს

პროკურატურამ მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთ პირს წარუდგინა ბრალი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ თამარ ბაჩალიაშვილთან მიმოწერა გააყალბა, რის შემდეგაც გარდაცვლილის ოჯახმა და ადვოკატმა ამ მიმოწერის საფუძველზე, უკვე შეწყვეტილი გამოძიების განახლება მოითხოვეს:

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მედიასაშუალებით გაასაჯაროეს ფოტომასალა, ე.წ. „სქრინშოტები“, რაც ასახავდა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილსა და ბრალდებულ მ.შ-ს შორის თითქოსდა სოციალურ ქსელში გამართულ კომუნიკაციას. აღნიშნული ფოტომასალა ადვოკატებმა მტკიცებულების სახით დაურთეს საქართველოს პროკურატურაში წარმოდგენილ საჩივრებს და ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე მოითხოვეს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიების განახლება”, — წერია განცხადებაში.

პროკურატურის განამრტებით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზების დასკვნებით და აშშ-ის კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული შესაბამისი სამართლებრივი დახმარებით მოპოვებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ ბრალდებული მ.შ. არც პირადად იცნობდა ბაჩალიაშვილს და არც რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა არ ჰქონია მასთან. პროკურატურის ცნობით, ამის შემდეგ უწყებამ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

“საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, კერძოდ, მ.შ-ს სარგებლობაში არსებული სოციალური ქსელის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მ.შ-მ 2021 წლის 2 იანვარს მის სარგებლობაში არსებულ სოციალურ ქსელ facebook პროფილს, რომელიც რეგისტრირებული ჰქონდა meleq elcin uslu-ს სახელით, შეუცვალა მომხმარებლის დასახელება, დაარეგისტრირა როგორც „tamar bachaliashvili” და პროფილის ფოტოდ განათავსა ინტერნეტ-სივრციდან მოპოვებული გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ფოტო. აღნიშნულის შემდგომ მიმოწერა განახორციელა საკუთარ facebook პროფილთან, რის შედეგადაც დაამზადა facebook messenger-ით განხორციელებული კომუნიკაციის ამსახველი ყალბი ფოტოსურათები, სადაც ასახული იყო ვითომდა ბრალდებულსა და თამარ ბაჩალიაშვილს შორის სოციალურ ქსელში განხორციელებული მიმოწერა”, — წერს პროკურატურა.

ამასთან, პროკურატურის განცხადებით, მიმდინარე საქმეზე გამოძიების პროცესში თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ მოწმის სახით დაკითხა მ.შ. სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ (ცრუ ინფორმაცია, ცრუ ჩვენება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე).

პროკურატორის ინფორმაციით, მიუხედავად მოსამართლის გაფრთხილებისა, მ.შ-მ გამოძიებას და სასამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, თითქოს მას სოციალურ ქსელ ფეისბუკ მესენჯერში ურთიერთობა ჰქონდა ბაჩალიაშვილთან.

“ასევე, მოსამართლის წინაშე დაკითხვისას მ.შ-მ დაადასტურა გამოძიებისთვის მტკიცებულების სახით წარმოდგენილი მიმოწერის ამსახველი ფოტოსურათების ნამდვილობა, მაშინ, როცა ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს არც პირადად და არც რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა არ ჰქონია გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან და წარმოდგენილი ცრუ ინფორმაციის ამსახველი ფოტოსურათები დამზადებულია უშუალოდ ამ უკანასკნელის მიერ”, — წერია განცხადებაში.

მ.შ-ს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის I ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. ოჯახი თვითმკვლელეობის ვერსიას არ იზიარებს და გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებს.

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა, თქვა რა, რომ ადგილი თვითმკვლელობას ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი