ახალი ამბები

“ოცნების” მხრიდან მოლაპარაკებებში კობახიძე, თალაკვაძე და კუჭავა ჩაერთვებიან

12 მარტი, 2021 • 750
“ოცნების” მხრიდან მოლაპარაკებებში კობახიძე, თალაკვაძე და კუჭავა ჩაერთვებიან

“ქართული ოცნების” მხრიდან ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ჩაერთვებიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 12 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო, პარტია მზადაა შედეგებზე ორიენტირებული იყოს და იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების პროცესი მოკლე დროში დასრულდება.

“კიდევ ერთხელ მინდა სრული მზაობა გამოვხატო და დავადასტურო ჩვენი გუნდის, პარტიის სახელით, რომ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. რა თქმა უნდა, ეს არაერთხელ გაგვიცხადებია, მათ შორის ოპოზიციასთან. კიდევ ერთხელ მინდა ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ დავადასტურო ეს მზაობა. ჩვენ ველით, რომ ეს პროცესი დასრულდება ძალიან მოკლე დროში და იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგისა და ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის”, — განაცხადა კობახიძემ.


მოლაპარაკაბებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც 6 მარტს “ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

ჩანაწერების ეთერში გასვლის შემდეგ პარტია “ლელომ” განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა მიუღებელია. “ქართულ ოცნებას” მოლაპარაკებების მაგიდასთან ღარიბაშვილის ჩანაცვლებისკენ მოუწოდებენ სხვა პარტიებიც, თუმცა აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩაშლის გამო ოპოზიციისკენ ხელის გაშვერის საშუალებას არ მისცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი