ახალი ამბები

აზერბაიჯანული თემი ნოვრუზისთვის „კომენდანტის საათის“ გაუქმებას სთხოვს მთავრობას

11 მარტი, 2021 • 1444
აზერბაიჯანული თემი ნოვრუზისთვის „კომენდანტის საათის“ გაუქმებას სთხოვს მთავრობას

საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჯარო წერილით მიმართავენ და სთხოვენ, ერთი დღით, 21 მარტს, — როდესაც ნოვრუზის დღესასწაული აღინიშნება, — „კომენდანტის საათი“ (ფორმალურად გადაადგილების შეზღუდვა) გაუქმდეს.

21 მარტს საქართველოს აზერბაიჯანული თემი ნოვრუზს აღნიშნავს. როგორც განცხადების ავტორებიც განმარტავენ, ნოვრუზის რიტუალების ძირითადი ნაწილი, — როგორიცაა კოცონის დანთება, ბაირამის მილოცვა და ბაირამის სუფრაზე დასწრება, ბავშვების მიერ ტკბილეულისთვის მეზობლების კართან ქუდის დაგდება, ამბების გაზიარება, ნაჩხუბრების შერიგება, წითელი კვერცხებით შეჯიბრი და ა.შ. — საღამოს საათებში სრულდება.

სწორედ ამიტომ, საღამოს 9 საათისთვის დაწესებული გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა („კომენდანტის საათი“) ხელს შეუშლის ამ რიტუალების სრულფასოვნად ჩატარებაში, რის გამოც სურთ ამ დღეს აღნიშნული შეზღუდვის გაუქმება.

„მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემი ნოვრუზის დღესასწაულის უქმე დღედ გამოცხადებისთვის აქტიურად, კოლექტიურად და ორგანიზებულად აწარმოებს ადვოკატირების კამპანიებს. სხვადასხვა აქტივისტური ჯგუფები ვმუშაობთ, რათა გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და ნოვრუზი საქართველოში ინტერეთნიკური სოლიდარობის და კულტურული მრავალფეროვნების მაგალითად ვაქციოთ. თუმცა კარგად გვაქვს გააზრებული, რომ აღნიშნული გრძელვადიანი მიზანია და ამ მიზნის მიღწევამდე მნიშნველოვანი პროცესის გავლა გვჭირდება“, – წერია 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ნოვრუზის დღესასწაულის სრულფასოვნად ჩატარება საქართველოს აზერბაიჯანელი თემისთვის არსებითად მნიშვნელოვანია; ისინი სინანულს გამოთქვამენ, რომ წინა წელს კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღება სწორედ ნოვრუზის დღეს დაემთხვა და თემმა „ვერ შეძლო სადღესასწაულო განწყობის შექმნა და ამ დღესასწაულთან დაკავშირებული რიტუალების სრულფასოვანი შესრულება“.

„არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, გვესმის, რომ შეზღუდვების შენარჩუნება და ვირუსთან ბრძოლის პროცესში მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის მხარდაჭერა და არსებული რეკომენდაციების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ, საქართველოს აზერბაიჯანელი თემის ახალგაზრდები, აქტიურად ვმუშაობთ, რათა მოსახლეობის ფართო მასებში ეპიდვითარებასთან დაკავშირებული შეზღუდვები სრულფასოვნად დაცული იყოს. ამასთანავე, არსებული, შედარებით შემცირებული დადასტურებული შემთხვევების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია მხოლოდ ერთი დღით, 21 მარტს, მთელ საქართველოში გაუქმდეს გადაადგილების თავისფულების შეზღუდვა (კომენდანტის საათი) და მოსახლეობამ სტრესის, დაძაბულობის და დაჯარიმების შიშის გარეშე შეიქმნას ნოვრუზის სადღესასწაულო განწყობა“, – წერია განცხადებაში.

მიმართვის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ არასწორი იქნებოდა, მხოლოდ ქვემო ქართლში ან მხოლოდ საქართველოს აზერბაიჯანელი თემისთვის ამ შეზღუდვის ერთი დღით გაუქმება, რადგანაც:

„ჩვენთვის ეს დღესასწაული (და არც საქართველოს აზერბაიჯანელი თემი) კონკრეტული რეგიონით ან ვიწრო ეთნიკური ხაზებით არ არის შემოფარგლული. ჩვენ ამ დღესასწაულს ჩვენს ქართველ, სომეხ, მუსლიმ ქართველ, ქისტ, იეზიდ და სხვა მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ“.

„ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ, 21 მარტისთვის გააუქმოთ გადაადგილების თავისფულების შეზღუდვა (კომენდანტის საათი) მთელი საქართველოს მასშტაბით და ერთად ვიზეიმოთ ბუნების გამოღვიძების და გაზაფხულის მოსვლის დღესასწაული, ნოვრუზი“, – წერენ ავტორები.

მიმართვას ხელს აწერენ:

  • პლატფორმა სალამი
  • სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი
  • აქტუალ მედია
  • ახალი აზროვნების ინსტიტუტი
  • სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  • სოლიდარობის ცენტრი (ვახტანგისის სათემო ცენტრი)
  • ქვემო სარალის სათემო ცენტრი
  • აღმამედლოს სათემო ცენტრი
  • კასუმლოს სათემო ცენტრი
  • ალგეთის სათემო ცენტრი
  • ნაზარლოს სათემო ცენტრი
  • სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა

გარეკანის ფოტო: სულხან ბორძიკაშვილი/OC Media. 2017 წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი