თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, სხვისი კუთვნილი, 1001მ² მიწის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულებმა, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყალბი მინდობილობის საფუძველზე, 2020 წლის სექტემბერში დაირეგისტრირეს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, კანადის მოქალაქის სახელზე რიცხული 1001მ² მიწის ნაკვეთი. გამოძიების პროცესში დაყადაღებულია აღნიშნული მიწის ნაკვეთი. როგორც სამართალდამცავი უწყება აცხადებს, ჩატარებული ექსპერტიზით დადგენილია, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.