ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბებიხელოვნება

როგორია თანამედროვე კინო აზერბაიჯანში

12 მარტი, 2021 •
როგორია თანამედროვე კინო აზერბაიჯანში

ავტორი: ნიკა მუსავი, აზერბაიჯანი


2020 წელი აზერბაიჯანელი კინომატოგრაფისტებისთვის და აზერბაიჯანელი კინომოყვარულებისთვის იშვიათად პოზიტიური აღმოჩნდა.

რუფატ ჰასანოვის ფილმმა “ჩემი შინაგანი კუნძული” საუკეთესო რეჟისურისთვის სარაევოს 26-ე კინოფესტივალზე პრიზი აიღო, ჰილალ ბაიდაროვის ფილმი “სიკვდილთა შორის” კი ვენეციის 77-ე ფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში მოხვდა, რაც აზერბაჯანული კინოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა. 

სიამაყის საფუძველი საზოგადოებას ნამდვილად ჰქონდა, თუმცა საერთაშორისო გამარჯვებები დადებით გავლენას ვერ ახდენს აზერბაიჯანული კინემატოგრაფიის განვითარებაზე.

ერთი შეხედვით, თანამედროვე აზერბაიჯანული კინემატოგრაფია საერთოდ არ არსებობს. ქვეყანაში პრაქტიკულად ნებისმიერმა, მათ შორის, ახალგაზრდებმა, თითქმის ზეპირად იცის საბჭოთა ფილმები. აი, თანამედროვე აზერბაიჯანულ ფილმებს კი არ იცნობენ. 

თანამედროვე აზერბაიჯანული კინემატოგრაფის პრობლემა სწორედ ისაა, რომ თავისთვის, პუბლიკისგან განყენებულად ცხოვრობს. ერთი მხრივ, მაყურებელი ნაკლებად არის დაინტერესებული თანამედროვე კინოთი, მეორე მხრივ, არავინ ცდილობს, მაყურებელი თანამედროვე კინოთი დააინტერესოს. მცირერიცხოვანი გამქირავებლები უარს ამბობენ ადგილობრივი კინოპროდუქციის ყიდვაზე, რადგან წინასწარ იციან, რომ ეს მათ შემოსავალს ვერ მოუტანს. არც ტელეარხებიც იწვიან სურვილით, თანამედროვე აზერბაიჯანული კინო აჩვენონ. შესაბამისად, კინემატოგრაფი აზერბაიჯანში აბსოლუტურად არამომგებიანი საქმიანობაა და მასში ჩადებული ფული დაკარგულია. 

დამოუკიდებელი რეჟისორებისთვის და კერძო სტუდიებისთვის დღეს მხატვრული კინოს გადაღება უფრო ძვირადღირებული ჰობია, ვიდრე შემოსავლის წყარო.

ამასთან, არც სახელმწიფოა გულუხვი კინოწარმოების დაფინანსების საკითხში. ამიტომაც, აზერბაიჯანში დღეს ძალიან ცოტა ფილმს იღებენ. არსებული თანამედროვე ფილმების დაყოფა კი რამდენიმე კატეგორიად შეიძლება. 

კომედია, რომელიც სულ არ არის სასაცილო

პირველი კატეგორია – ეს არის ე.წ. კომედიები, რომლებსაც, როგორც წესი, რამდენიმე კერძო კომპანია იღებს. ამ შემთხვევაში ეს არც გადაჭარბებული და არც სუბიექტური შეფასებაა. ეს ფილმები ობიექტურად მესამეხარისხოვანი ფილმებია, რომელთაც ექსცენტრიულობაზე და გროტესკზე აქვთ პრეტენზია. რეალურად კი, ვულგარული და აზერბაიჯანელების შესახებ ყველაზე ცუდი და დაშტამპული სტერეოტიპების გავრცელებას უწყობენ ხელს. ასეთ ფილმებს საერთო არაფერი აქვს ხელოვნებასთან. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ სწორედ ეს ე.წ. კომედიები გადის ყველაზე ხშირად ტელევიზიითა თუ კინოთეატრებში [კორონავირუსის პანდემიამდე] და მაყურებლის მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნითაც სარგებლობს 

სახელმწიფოს დაკვეთა

მეორე კატეგორიაში ხვდება ფილმები ისტორიულ, ეთნოგრაფიულ და/ან პატრიოტულ თემატიკაზე, რომელიც, როგორც წესი, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დაკვეთით გადაიღეს. ეს ფილმები შეიძლება იყოს როგორც უნიჭო, ასევე, არც ისე ცუდი. ყველაფერი დამოკიდებულია რეჟისორზე, რომელმაც შეკვეთა მიიღო. ამ კატეგორიაში, პირველ რიგში, ხვდება ფილმები ომზე და ბიოგრაფიული ფილმები ცნობილი ლიტერატორების ან ისტორიული პერსონების შესახებ. 

მაგალითად, რამიზ ჰასანოღლუს ფილმი “ჯავიდის ცხოვრება” ეძღვნება ცნობილ აზერბაიჯანელ დრამატურგს, ჰუსეინ ჯავიდს, რომელიც სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 

მსგავსი ფილმები სხვებზე მეტად ექვედებარებიან შეთანხმებულ თუ შეუთანხმებელ ცენზურას. მათი სანდოობა, ამა თუ იმ მოვლენის ჩვენების კუთხე, მთავარი გმირების სახეები, სტილი – ყოველივე ეს ისტორიკოსებსა და საკითხის მცოდნე მაყურებელში კითხვებს იწვევს, თუ, რა თქმა უნდა, მაყურებელი და ისტორიკოსები მათ საერთოდ ნახავენ. ეს ფილები პრაქტიკულად არ “რეკლამირდება”, გაქირავება საპრემიერო ჩვენებით ამოიწურება. ერთი სიტყვით, მათ იღებენ იმისთვის, რომ “გადაიღონ”. 

აღნიშნულ კატეგორიაში ვხვდებით ისეთ ფილმებსაც, რომლებიც ყურადღების ღირსია. ასეთია ალეკპერ მურადოვის კრიმინალური დრამა “დახვრეტა გადაიდო”  (2003ფ). ეს  არის ამბავი “კეთილშობილი ყაჩაღების” შესახებ, რომლებიც სამამულო ომის წლებში ბაქოს ერთ-ერთ ახლომდებარე გარეუბანში წესებს აკონტროლებდნენ. ეს არის საინტერესო, ატმოსფერული და კოლორიტული ფილმი მსახიობთა კარგი თამაშით, რომელიც თითქმის შეუმჩნეველი დარჩა მაყურებლისთვის. 

“ინტელექტუალური” დრამა და ექსპორტი

მესამე კატეგორია – ეს არის დრამა სოციალურ თემებზე. მათ იღებენ დამოუკიდებელი სტუდიები და რეჟისორები, რომლებიც ცდილობენ მოიზიდონ უცხოელი პარტნიორები. როგორც წესი, რეჟისორებმა იციან, რომ ასეთ ფილმებს სამშობლოში არავინ აჩვენებს. გადამღები ჯგუფის წევრების მეგობრებისა და სინეფილების გარდა, მათ არც არავინ უყურებს. ასეთ ფილმებს არც ადგილობრივი კინოთეატრები წყალობს. მათი ყურება შესაძლებელია მხოლოდ ზოგიერთ ანდეგრაუნდ ჰაბში ან კაფეში, სადაც უფასო ჩვენებებს აწყობენ საკუთარი მომხმარებლისთვის. 

მსგავსი პროდუქცია, როგორც წესი, “ექსპორტზე” გადის; მას საერთაშორისო ფესტივალებზე გზავნიან. სიტყვაძუნწი საყოფაცხოვრებო დიალოგები, გრძელი კადრები და ფილოსოფიური გზავნილები ადგილობრივი პუბლიკისთვის მოსაწყენია.

ამ ჟანრში თითქმის ერთადერთ გამონაკლისად შეიძლება დავასახელოთ ემილ გულიევის ტრილოგია “ფარდა”. პირველი ფილმი 2016 წელსაა გადაღებული, მეორე – 2017 – ში და მესამე- 2019 წელს. ამბები პრაქტიკულად არ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, ყველა მათგანი დამოუკიდებელია, მაგრამ სამივე პატრიარქალურ მენტალიტეტზეა.

ინტელექტუალურ დრამაზე პრეტენზიის მქონე ფილმებისგან ტრილოგია „ფარდა” განსხვავდება იმით, რომ მარტივია გასაგებად და ფართო პუბლიკაზეა გათვლილი. მიზანი კი მაყურებლის “გამოწვევაა. გათვლამ იმუშავა – ტრილოგიის პირველმა ორმა ფილმმა დიდი წარმატება თუ არა, ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. თუმცა განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება “ფარდას” არ აქვს.

მოკლემეტრაჟიანი ფილმები

და ბოლო, მეოთხე კატეგორია, თუ შეიძლება ასე ეწოდოს მას – სამოყვარულო მოკლემეტრაჟიანი ფილმებია. მათ დღეს აზერბაიჯანში დიდი რაოდენობით იღებენ როგორც პროფესიონალი რეჟისორები, რომელთაც ფული არ აქვთ საკმარისი, ასევე, მოყვარულები და ბლოგერები. შესაბამისად, ჟანრებიც მრავალფეროვანია – დაწყებული არტ-ჰაუსით და ფსიქოლოგიური დრამით, დამთვარებული პრიმიტიული და გაუგებარი ჟანრის მხატვრული ჩანახატებით. თემატიკა – მენტალიტეტი, უფულობა და “ჩვეულებრივი ბიჭების” სულიერი ძიებები. ეს უკანანსკნელი დიდი წარმატებით სარგებლობს – ყოველ შემთხვევაში, თუკი იუთუბზე მისი ვიზიტორებით ვიმსჯელებთ. 

ტექნიკური და მხატვრული თვალსაზრისით ამას კინოს ვერც ვუწოდებთ. ეს უფრო თვითშემოქმედებაა სიუჟეტური ხაზით, ცოცხალი პერსონაჟებით და ცოცხალი ენით. ასეთი ფილმების ავტორებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით ბოლო დროს სარგებლობს ალიხან რაჯაბოვი, რომელიც ასევე მთავარ როლსაც ასრულებს საკუთარ ფილმებში. პროფესიონალებისა და კინოესთეტებისგან განსხვავებით, პუბლიკა კეთილგანწყობილია მის მიმართ.


კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა 2012 წლის დასაწყისში კინოს სააგენტოს შექმნის შესახებ განაცხადა და პირობა დადო, რომ სააგენტოს ლომის წილი ექნება თანამედროვე კინემატოგრაფიაში არსებული პრობლემების [ფინანსურის ჩათვლით] მოგვარებაში. კინოს განვითარებაში სახელმწიფო ჩარევის შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ამასობაში, კორონავირუსის პანდემიის გამო, კინოთეატრები აზერბაიჯანში კვლავ დაკეტილია. საღამოობით კინოს არჩევის დროს კი აზერბაიჯანელები ირჩევენ გოდარს, ნური ბილგე ჯეილანს, ტარანტინოს, თურქულ სერიალებს და ჰოლივუდურ ბლოკბასტერებს – მოკლედ, ყველაფერს, თანამედროვე აზერბაიჯანული კინოს გარდა.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი