ახალი ამბები

მელაძის და ჩიხლაძის სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფაზე გამოძიება დაიწყო – შსს

11 მარტი, 2021 • 1376
მელაძის და ჩიხლაძის სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფაზე გამოძიება დაიწყო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტვ პირველის ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის სიცოცხლის შესაძლო ხელყოფის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

10 მარტს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან მამალაძის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ.

საუბარია ნოდარ მელაძესა და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეზე, რომელიც TV პირველზე ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გასული სიუჟეტის ავტორია.

როგორც ნოდარ მელაძე ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მას მეორე დღეს, 11 მარტს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ჟურნალისტების სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„გუშინ საღამოს “იმედის” ეთერში იყო საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ლევან მამალაძესთან, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ იგეგმება ჩემი და მაკა ჩიხლაძის მოკვლა, მას ეს მტკიცებულებები, როგორ მზადდება ლიკვიდაციის ოპერაცია, აქვს ნანახი და მოსმენილი, რომ ამის უკან დგას ყოფილი ხელისუფლება. ის საუბრობდა, რომ ეს იქნებოდა არეულობისა და დესტაბილიზაციის მიზნით განხორციელებული. პირველ საათზე მე მქონდა პირდაპირი ჩართვა თეა ადეიშვილთან, სადაც საჯაროდ დავსვი კითხვა: როდესაც მედიით ხდება ტირაჟირება ამბის, რომ იგეგმება ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფა, მანამდე 11-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ვთქვი, რომ სახელმწიფოს მოვალეობაა დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და მოახდინოს რეაგირება, თუ იცის, რომ ვინმე საფრთხეში არის. ამის შემდეგ მიკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამბობს, რომ ჩემი და მაკა ჩიხლაძის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტზე დაწყებული არის გამოძიება და მთავაზობენ, რომ ჩავერთო მოწმეთა დაცვის პროგრამაში, ანუ სახელმწიფომ გამომიყოს დაცვა ჩემი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, — განაცხადა ნოდარ მელაძემ TV პირველზე 11 მარტს.

მელაძის თქმით, მსგავსი განცხადება შემთხვევით არ გავრცელებულა და მისი და ჟურნალიტსების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„ჩემი პირადი აღქმით, ასეთი განცხადებები ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი სამთავრობო მედიის ეთერში შემთხვევით არ ხდება და გუშინ ვნახეთ, რომ მხოლოდ სამთავრობო მედია ტირაჟირებდა. მე პირადად დამრჩა განცდა, რომ ამზადებენ ნიადაგს, რომ თუ ჟურნალისტების სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას შეეხება საფრთხე, ან იქნება რაიმე ჩემზე ან ჩემს რომელიმე ჟურნალისტზე თავდასხმა, შემდეგ იტყვიან, ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ ამას ვიღაცა ავრცელებსო“, — განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ლევან მამალაძის განცხადების შემდეგ სახელმწიფო დაცვის გამოყოფა შემომთავაზეს – მელაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი