ახალი ამბები

“ტვ პირველი” საქალაქო სასამართლოს განჩინებას სააპელაციოში გაასაჩივრებს 

11 მარტი, 2021 • 1961
“ტვ პირველი” საქალაქო სასამართლოს განჩინებას სააპელაციოში გაასაჩივრებს 

“ტვ პირველი” თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრებს.

ამის შესახებ “ტვ პირველის” ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.

“დავიწყეთ აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს უკანონო და არაკონსტიტუციური განჩინება, რომელიც გუშინ საღამოს ჩაბარდა “ტვ პირველს”, გასაჩივრდეს, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით სასამართლოში. განჩინება კარგად წარმოაჩენს გამოძიების სულისკვეთებას, რომელსაც არ აინტერესებს ჩანაწერების შინაარსი. ამ განჩინებაში არ არის მოთხოვნილი აუდიოფაილი, არამედ მიზანმიმართულად ითხოვენ სწორედ იმ მოწყობილობას, რომელზეც შესაძლებელია ყოფილიყო ფაილი, ანუ მათ აინტერესებთ სწორედ ფაილის წარმომავლობა, ანუ აბსოლუტური პრივილეგიით დაცული წყარო”, — განაცხადა მშვენიერაძემ.

მისი თქმით, “ტვ პირველი” მზად არის, გამოძიებას გადასცეს აუდიოფაილი, სადაც მოცემულია ჩანაწერი, მაგრამ ტელევიზიაში არ არსებობს ის მტკიცებულება, რის ამოღებასაც განჩინება ეძღვნება და რომც არსებობდეს, ტელევიზია მის გადაცემაზე უარს განაცხადებდა.

მშვენიერაძის თქმით, არსებობს საკანონმდებლო ხარვეზი, რომლის მიუხედავადაც ტელეკომპანია შეეცდება ქვეყნის შიგნით გასაჩივრებას, ასევე, თუკი ეს საკმარისი არ იქნება, განიხილავს სტრასბურგის სასამართლოსთვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართვის საკითხს.

სასამართლომ პროკურატურას  უფლება მისცა, “ტვ პირველიდან” ამოიღოს კონვერტი და ელექტრომატარებელი, რომლითაც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრის ჩანაწერი.

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი