ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალსა და სოხუმს რუსული ვაქცინა კვლავ არ მიუღიათ

12 მარტი, 2021 •
ცხინვალსა და სოხუმს რუსული ვაქცინა კვლავ არ მიუღიათ

დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჯერ კიდევ არ დაწყებულა მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. მიუხედავად ამისა, ადგილზე განთავსებული რუსული სამხედრო ბაზების პერსონალი უკვე აიცრა სპუტნიკ V-ის ვაქცინით.

ცხინვალსა და სოხუმში ჯერჯერობით არ იციან ზუსტი რიცხვი, თუ როდის მიიღებენ ვაქცინას, პარალელურად რუსეთის გამალეას ინსტიტუტში შექმნილი ვაქცინა იგზავნება სამხრეთ ამერიკის, ევროპის, აზიის, აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ სახელმწიფოში.

რეგიონის მკვლევრების განცხადებით, ფაქტი, რომ სოხუმმა და ცხინვალმა ჯერ კიდევ ვერ მიიღეს ვაქცინები, მიანიშნებს იმაზე, რომ კრემლისთვის დე ფაქტო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება ნაკლებად მნიშვნელოვანია.

მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეძლებს ვაქცინების მიღებას, ცხინვალისა და სოხუმისთვის ვაქცინის გარკვეული დოზის გადაცემას მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა ექნება.

რუსეთის გარდა, სად იყენებენ სპუტნიკ V-ეს

გერმანული სტატისტიკური პორტალის, Statista-ს მიხედვით, 11 მარტის მონაცემებით, რუსული ვაქცინა მსოფლიოს 49 ქვეყანაშია ავტორიზებული. რუსეთმა იანვარში მიმართა ევროკავშირს ვაქცინის ავტორიზაციის შესახებ, თუმცა ჯერ ეს პროცესი არ დასრულებულა. მიუხედავად ამისა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან, დამოუკიდებლად მიიღეს რუსული ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება. ორივე ქვეყანამ ვაქცინის 2- მილიონიანი დოზა შეუკვეთა.

რუსეთს ვაქცინა გააქვს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ინდოეთი, მექსიკა, ბელარუსი, სერბეთი, არგენტინა, ბოლივია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ეგვიპტე, ჰონდურასი, ირანი, ჩრდილოეთ მაკედონია, ტუნისი, ნეპალი, მონღოლეთი, ვენესუელა და სხვა.

გარდა ექსპორტისა, ვაქცინის წარმოება მიმდინარეობს ან დაიწყება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, ბრაზილია, ჩინეთი და სამხრეთ კორეა.

საქართველოში, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, რუსული ვაქცინის შემოტანა არ იგეგმება.

რას აცხადებენ დე ფაქტო რესპუბლიკებში

ვლადიმერ დელბას განცხადებით, რომელიც ამჟამად აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ- მინისტრის მოვალეობას ასრულებს, “ვირუსთან ბრძოლის მთავარი მეთოდი არის ვაქცინაცია”. მან ეს განცხადება კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

სხდომა 9 მარტს ჩატარდა, რომელსაც გარდა დელბასა, ჯანდაცვის დე ფაქტო მინისტრი თამაზ წახნაკია, მთავარი სანიტარი ლიუდმილა სკორიკი და დე ფაქტო მინისტრთა აპარატის ხელმძღვანელი დავით სანგულია ესწრებოდნენ.

ლიუდმილა სკორიკის განცხადებით, ამჟამად აფხაზეთში ვირუსის შეკავების პოზიტიური დინამიკაა, თუმცა მანამ, სანამ ვაქცინაცია არ დაიწყება, კიდევ უნდა გახანგრძლივდეს უკვე დაწესებული შეზღუდვები, რაც შეკრებისა და გადაადგილების შეზღუდვას, საჯარო სივრცეებში პირბადის ტარებასა და სანიტარული ზომების დაცვას გულისხმობს.

“ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ყველა შემზღუდავი მექანიზმის კიდევ ერთხელ გახანგრძლივებას. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ვაქცინაციის პროცესი ჯერჯერობით კვლავ არ დაწყებულა. აუცილებელია შენარჩუნდეს კარგი, სტაბილური შედეგები, რაც ჩვენ გვაქვს თებერვლის შუა რიცხვებიდან მოყოლებული დღემდე”, – განაცხადა ლიუდმილა სკორიკმა.

შეხვედრის შემდეგ, 11 მარტს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდებოდა დაწესებული შეზღუდვები.

ამ შეხვედრამდე ადრე, პირველ მარტს, ჯანდაცვის დე ფაქტო მინისტრმა თამაზ წახნაკიამ აფხაზურ “სპუტნიკ რადიოსთან” საუბრისას განაცხადა, რომ “უახლოეს მომავალში, აფხაზეთი პირველ ეტაპზე ვაქცინის 10 000 დოზას მიიღებდა”.

“როგორც მე ვიცი, ეს პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და, მე ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ ვაქცინას. ეპიდემიოლოგიური სამსახური მოამზადებს ვაქცინაციის განრიგს. პირველ რიგში აიცრებიან ექიმები, სამართალდამცავები და სხვა ორგანიზაციები”, – აცხადებდა მაშინ წახნაკია.

მისივე თქმით, აფხაზეთში ყველას ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი, რადგან “პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება სპუტნიკ V-ის ვაქცინის 10 000 დოზა”.

დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა 4 მარტს განაცხადა, რომ იგეგმებოდა რუსული ვაქცინის შეძენა. მისი თქმით, ეს “უახლოეს მომავალში” მოხდებოდა.

“ამავდროულად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთის მთავრობასთან. გავაგზავნეთ წერილი, რათა ვიპოვოთ შესაძლებლობა, რომ სამხრეთ ოსეთს მიეწოდოს ეს ვაქცინა. ამ კვირაში გახდება ცნობილი კონკრეტული თარიღი, როდის მიიღებს ვაქცინას ჩვენი რესპუბლიკა”, – აცხადებდა მაშინ ანატოლი ბიბილოვი.

ოსური დე ფაქტო სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ცხინვალი შეძლებს 2 მილიონი რუსული რუბლის [დაახლოებით 90 000 ლარის] მობილიზებას, რომელიც ვაქცინის შესაძენად დაიხარჯება.

ცხინვალში ვაქცინის სწრაფად მიღებას იმედოვნებენ და აცხადებენ, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.

რამდენად პრიორიტეტულია კრემლისთვის ცხინვალისა და სოხუმის მოსახლეობა

კონფლიქტების კვლევისა და კავკასიის რეგიონის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის, “კავკასიური სახლის” დირექტორის, ვანო აბრამიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ამ დროისთვის არ დაწყებულა დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ვაქცინაცია, არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ რუსეთისთვის მოსახლეობის ცხოვრების დონე არაპრიორიტეტულია.

“რა თქმა უნდა, არ არის პრიორიტეტული, ამაზე ფაქტები მეტყველებს. როგორც საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა თებერვალში, აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზების თანამშრომლების ვაქცინაცია ჯერ კიდევ თებერვალში ჰქონდათ ჩატარებული. ეს ფაქტი არის ერთ-ერთი ინდიკატორი სხვა ინდიკატორებთან ერთად, თუ როგორი არაპრიორიტეტულია იქ ადამიანის ჯანმრთელობა და ცხოვრების დონე რუსეთისთვის”, – ამბობს ვანო აბრამიშვილი.

მისი განცხადებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში ვაქცინაციის საკითხი ისე აქტიურად არ განიხილება, როგორ ეს საქართველოში ხდება.

“აფხაზეთში ყველაზე აქტუალური საკითხი ამჟამად არის ენერგო რიზისი. ადამიანები საათობით ელოდებიან ელექტროენერგიას. ისინი ძირითადად ამ თემაზე არიან ფოკუსირებულნი. გარდა ამისა, წამყვანი პრობლემაა ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები, რაც უკავშირდება ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწის, ბენურ კვირაიას ჩამოსვლას [ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე]. ვაქცინაცია აფხაზურ საზოგადოებაში არ არის დიდად განხილვადი საკითხი, როგორც ამას ჩვენ ვაკვირდებით.

ცხინვალის შემთხვევაშიც ვხედავთ სხვა კრიზისებს [პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ინალ ჯაბიევის მკვლელობას უკავშირდება], რომლებიც მოსახლეობისთვის უფრო წინ წამოწეული და პრიორიტეტულია”, – აცხადებს იგი.

ვანო აბრამიშვილის განცხადებით, “იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შესაძლებლობა იქნება, საქართველოს მთავრობა გადასცემს სოხუმსა და ცხინვალს ვაქცინებს, რასაც მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა ექნება.

“ჯანდაცვის სფერო არის ის მიმართულება, სადაც ქართულ მხარეს არ დაუშურია ძალისხმევა, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ უნდა გადასცეს, არამედ გადასცემს კიდეც, თუ ამის საშუალება იქნება, რომ გაუნაწილოს ვაქცინა. როგორც ვხედავთ, აფხაზური და ოსური მხარეები მოკლებულნი არიან არჩევანს, თუ რომელ ვაქცინას მიიღებენ. ცხადია, მასობრივი ვაქცინაცია თუ დაიწყება, მიიღებენ რუსეთისგან. თუ ჩვენთან იქნება ამაზე წვდომა, მე ვფიქრობ, რომ ქართული მხარე ასეთ შეთავაზებას გააკეთებს, რაც გამოაჩენს, რომ აფხაზური და ოსური საზოგადოება დანარჩენი საქართველოსთვის ღირებულია”, – ამბობს იგი.

რეგიონის საკითხების კიდევ ერთი მკვლევრის, გიორგი კანაშვილის განცხადებით, მიზეზი იმისა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკებში ჯერ კიდევ არ დაწყებულა ვაქცინაცია, შეიძლება იყოს ორი, მათ შორის, თავად დე ფაქტო მთავრობების პასიურობა და რუსეთის მხრიდან აქ მცხოვრები მოსახლეობისადმი დამოკიდებულება.

“აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, მათივე გამოთვლებით, რომელიც საეჭვოა, მთლიანად 300 ათასს შეადგენს. რეალურად შესაძლოა 200 ათასიც კი არ იყოს. ამიტომ რთულია იმის გაგება, რატომ არ ხდება იქ მოსახლეობის ვაქცინაცია რუსული ვაქცინით, თუმცა აქ არის ორი მომენტი, რაც შეიძლება ვივარაუდოთ. პირველი- ცხინვალმა და სოხუმმა ვერ იყოჩაღა ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით, მეორე-შეგვიძლია ვთქვათ, რომ არცთუ ისე პრიორიტეტულია რუსეთისთვის ეს მოსახლეობა”, – ამბობს კანაშვილი.

მისივე განცხადებით,  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ცხინვალისა და სოხუმისთვის დახმარებას, გარდა ჰუმანიტარული მნიშვნელობისა, აქვს პოლიტიკური დატვირთვაც.

“ზოგადად, ოკუპირებულიც და არაოკუპირებული საქართველოც საქართველოა, ამიტომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს [აფხაზებსა და ოსებზე]. ამას, ჰუმანიტარული მნიშვნელობის გარდა, აქვს პოლიტიკური განზომილებაც. ეს არის დაფიქსირება, რომ დიახ, ეს ტერიტორიები საქართველოს ეკუთვნის და, შესაბამისად, ეკუთვნის იქ მცხოვრებ ხალხზე ზრუნვის პასუხისმგებლობაც.

ამას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, თუმცა, ობიექტურ რეალობას თუ შევხედავთ, აქ [ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე] არ დაწყებულა ვაქცინაცია და, ცოტა არ იყოს, სასაცილო შეიძლება გამოჩნდეს [ამაზე საუბარი], თუმცა, რომ მიგვეღო ვაქცინის შესაბამისი რაოდენობა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ამგვარ სიმბოლოებს დიდი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა კანაშვილმა.

თბილისის გადაწყვეტილება

სტატია 30 მარტს განახლდა თბილისის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა 30 მარტს განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონიში მცხოვრები სამედიცინო პერსონალი და 65 წელს ზემოთ ადამიანებიც შეძლებენ.

“საქართველოში მიმდინარე იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალი რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროსა და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს. მათ შეეძლებათ ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრი.

ჯანდაცვის მინისტრ ეკა ტიკარაძის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები რეგისტრაციას ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებში სურვილის დაფიქსირებით შეძლებენ, რის შემდეგაც ისინი აიცრებიან.

ტიკარაძის ინფორმაციით, ცხინვალსა და აფხაზეთში ჯამში დაახლოებით 500-მდე სამედიცინო პერსონალი მუშაობს. მინისტრის თქმით, მათ ასევე აქვთ ინფორმაცია 65+ ასაკის მოქალაქეების სტატისტიკის შესახებაც, თუმცა რიცხვი ტიკარაძეს არ დაუკონკრეტებია.


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის მიღების თარიღმა ერთი კვირით გადმოიწია და ნაცვლად 22 მარტის კვირიდან, ქვეყანაში ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა. ამ შემთხვევაში ქვეყანა “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს. გარდა ამისა, საქართველო Covax პლატფორმიდან ელოდება პფაიზერის ვაქცინასაც.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე გამოვლინდა 3100-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა. ეს რიცხვი აფხაზეთის შემთხვევაში 13 000-ზე მეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი