ახალი ამბები

ლომჯარია: რეგიონებში შეზღუდვების უგულებელყოფით იმართება შეკრებები

11 მარტი, 2021 •
ლომჯარია: რეგიონებში შეზღუდვების უგულებელყოფით იმართება შეკრებები

სახალხო დამცველი გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და პრევენციული ღონისძიებების აღსრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენს საგანგაშოდ მიაჩნია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებული მონაცემები, რომლის თანახმად, პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში 75%-დან 43%-მდე შემცირდა.

“ბოლო დღეების განმავლობაში სახალხო დამცველის რწმუნებულების დაკვირვების და საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული არაერთი ინფორმაციის თანახმად, რეგიონებში დადგენილი შეზღუდვებისა და რეკომენდაციების სრული უგულებელყოფით იმართება სოციალური შეკრებები. სახალხო დამცველი, როგორც ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე ზედამხედველი კონსტიტუციური ორგანო, საზოგადოებას შეახსენებს, თუ რა მძიმე შედეგები გამოიწვია 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულებამ, როდესაც მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების თვალსაზრისით და საფრთხე შეექმნა მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. კორონავირუსით გარდაცვლილთა ოჯახები არაერთ შემთხვევაში მიუთითებენ დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე, როგორც გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებზე”, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი მოუწოდებს:

  • სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს — მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყონ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დადგენილი შეზღუდვების შესრულებაზე ეფექტური და რეალური კონტროლი;
  • საქართველოს მოსახლეობას — დაიცვან სოციალური დისტანციის, მათ შორის, ღია სივრცეებში პირბადით სწორად სარგებლობის და ჰიგიენური წესები, შეასრულონ კარანტინსა და თვითიზოლაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები და რეკომენდაციები, როგორც დღესდღეობით ერთადერთი და ყველაზე ეფექტური გზა საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დასაცავად;
  • მედიასაშუალებებს — შესაძლებლობის ფარგლებში სისტემატურად უზრუნველყონ ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის ინფორმირებულობა პრევენციული ღონისძიებების —  პირბადის სწორად ტარების და სოციალური დისტანციის დაცვის — მნიშვნელობის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი