EMC-ის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი, გურო იმნაძე ეხმაურება პროკურატურისთვის სასამართლოს მიერ TV პირველიდან მასალების ამოღების უფლების მიცემას.
მისი თქმით, ამის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ისაა, პროკურატურამ უბრალოდ აჩვენოს, რომ საქმის გამოძიებას ცდილობს.
იმნაძე წერს, რომ სიტყვისა და გამოხატვის კანონის მიხედვით, მედიასაშუალების მხრიდან წყაროს გაუთქმელობა აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული; თუმცა ქართული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მხოლოდ ჟურნალისტზე აკონკრეტებს, რომ არაა ვალდებული, პროფესიულ საიდუმლოებასთან დაკავშირებით მოწმის სახით დაიკითხოს.
„საპროცესო კოდექსი, ზოგადად, მედიასაშუალების ჩხრეკაზე და იქიდან ისეთი დოკუმენტის ამოღებაზე, რომელიც ცალსახად ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება, სპეციალურ მითითებას არ აკეთებს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პროკურატურამ ამ სტრატეგიით წასვლა. თუმცა რამდენიმე ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს ამ გზით მოქმედებას:
როგორც წესი, ამოღებას წინ უძღვის კონკრეტული ტერიტორიის/შენობის ჩხრეკა. ანუ, ჯერ იჩხრიკება რაღაც სივრცე და აღმოჩენის შეთხვევაში ხდება იქ ნაპოვნი ისეთი დოკუმენტის ამოღება, რომელიც კონკრეტული საქმისთვის მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში პროკუტარას უფლება მიენიჭა მხოლოდ ნივთის ამოღებაზე და სასამართლოს განჩინებაში საერთოდ არაა ნახსენები ჩხრეკა. პირდაპირ ამოღება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ტარდება, თუკი სამართალდამცავმა ორგანომ ზუსტად იცის, კონკრეტულად რა ნივთს ეძებს და კონკრეტულად სად”, – აცხადებს იმნაძე.
მისი თქმით, ერთი შეხედვით, განჩინებაში დაკონკრეტებულია ნივთები, რომლებიც უნდა ამოიღოს პროკურატურამ – ელექტრონული მატარებელი (იგივე მეხსიერების ბარათი), სადაც ინახებოდა აუდიოჩანაწერები და კონვერტი, რომელშიც შეფუთული იყო ეს ბარათი.
“თუმცა განჩინებაში საერთოდ არაა მითითება რაიმე კონკრეტულ მახასიათებელზე, თუნდაც ამ ელექტრომატარებლის ტიპზე (არის ეს ფლეშ-ბარათი, გარე მეხსიერების მყარი დისკი თუ რაიმე სხვა), ან ფერზე, რითიც უფრო გასაგები იქნებოდა, რა ნივთების ამოღებაზე მიენიჭა პროკურატურას უფლება. გამოდის, რომ განჩინების საფუძველზე საერთოდ არ ჩანს, რა კონკრეტული ნივთის ამოსაღებად შედის პროკუტატურა ტელევიზიაში;
განჩინებაში ასევე არაა მითითებული, ტვ პირველის შენობაში კონკრეტულად სად ინახება ეს ნივთები. საერთოდ რომ შენობაშია ეს ნივთები, ამაზეც უზოგადესად არის განჩინებაში აღნიშნული, რომ “მასალების მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები ინახება პროკურატურის მიერ შუამდგომლობაში მითითებულ ადგილზე”. არაა დაკონკრეტებული, რა მასალების საფუძველზე დაასკვნა ეს სასამართომ, ან კონკრეტულად შენობის რა ნაწილში, რომელ ოთახში ინახება ეს დოკუმენტები“, – წერს იმნაძე.
მისი თქმით, გამოდის, რომ პროკურატურამ არც ის იცის, კონკრეტულად რა ნივთს იღებს და არც ის, თუ საიდან იღებს. იურისტის შეფასებით, ტვ პირველის შენობაზე ზოგადი მითითება ამ შემთხვევაში არასწორია, რადგან ის უამრავ ოთახს, საინფომრაციო ბაზას, ელექტრონულ შემნახველს და კომპიუტერულ მოწყობილობას მოიცავს.
“ამ პირობებში, სულ რომ ჩავთვალოთ, რომ ეს განჩინება დასაბუთებულია, როგორ უნდა აღასრულოს პროკურატურამ ის, ძალიან ბუნდოვანია. ასევე, თუკი ტელეკომპანია თავისი ნებით არ გადასცემს ამოსაღებ ნივთებს, საინტერესოა, “იძულების პროპორციულ ზომაში” რას იგულისხმებს პროკურატურა და ამოატრიალებს თუ არა ტელეკომპანიის მთელ ოფისს (ამისი სამართლებრივი უფლება, ცხადია, არ აქვთ, მაგრამ ჩვენი სამართალდამცავებისგან გამორიცხული არაფერია). რომ შევაჯამოთ, დიდი ალბათობით, ისევ საჩვენებლად დაწერილ შუამდგომლობა/განჩინებასთან გვაქვს საქმე, რომლის მიზანიც არა რაიმეს დადგენა, არამედ უბრალოდ იმის ჩვენებაა, რომ პროკურატურა საქმის გამოძიებას ცდილობს, თუმცა ტელეკომპანია არ ეთანამშრომლება და წყაროს არ უმხელს“, – განმარტავს იურისტი.
ტელეკომპანია “პირველის” განცხადებით, სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ტელეკომპანიის განცხადებით, განჩინება სამაუწყებლო კომპანიაში გუშინ შევიდა.
ჟურნალისტების განცხადებით, განჩინების მიხედვით, პროკურატურამ არა ის აუდიოჩანაწერები მოითხოვა, სადაც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბარია ასახული, არამედ მოითხოვა კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.
ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით