სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, პარლამენტის თავმჯდომარესა და “სამშობლოს ხსნის მოძრაობის” ლიდერებს მოლაპარაკებების დაწყებისთვის იწვევს.
სარქისიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებითა და ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან მისაღები გამოსავლის პოვნის მიზნით, აუცილებელია შეხვედრა.
მან მხარეები 13 მარტს, შაბათს, 12 საათზე საკუთარ რეზიდენციაში მიიწვია.
ამ დროისთვის პრეზიდენტის ინიციატივას მხოლოდ პარტია “ნათელი სომხეთის” ლიდერი, ედმონ მარუკიანი გამოეხმაურა. სომხური news.am-ის მიხედვით, აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა პრემიერისა და პარლამენტის ადმინისტრაციის მხრიდან.
“ჩვენ ვიღებთ მოწვევას და მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ნებისმიერ განხილვაში, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, რათა აღდგეს სამოქალაქო სოლიდარობა და ვიპოვოთ გზები ქვეყნის ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად”, – წერს “ნათელი სომხეთის” ლიდერი ედმონ მარუკიანი.
სომხეთში პოლიტიკური კრიზისი 10 ნოემბერს, ნიკოლ ფაშინიანის მიერ მოსახლეობისადმი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ დაიწყო.
კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც გენშტაბის მეთაურის ონიკ გასპარიანისა და 40-მდე სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადება გავრცელდა, სადაც ისინი ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ. ფაშინიანმა განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა. გასპარიანი ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა, მაგრამ გათავისუფლების შუამდგომლობას ხელი ორჯერ არ მოაწერა არმენ სარქისიანმა.
ერევანში პერიოდულად იმართება ოპოზიციისა და მთავრობის მხარდამჭერების საპროტესტო აქციები.
ნიკოლ ფაშინიანის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობების სფეროში არმენ ხარატიანი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი, მათ შორის, არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.