ახალი ამბები

“ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია” — ზალკალიანი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე

11 მარტი, 2021 • 590
“ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია” — ზალკალიანი  რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჰიბრუდული ომის კლასიკურ მაგალითს უწოდებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის ოფიციალურ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ვაშინგტონში უკმაყოფილებას გამოხატავენ „ქართული ოცნების“ ბოლო ქმედებებით.

ზალკალიანის თქმით, აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტინიორი და რუსეთი ცდილობს, ქართულ საზოგადოებაში დაბნეულობა და ნიჰილიზმი დათესოს.

“ეს არის პროვოკაციული განცხადება. ეს არის ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ცდილობს რუსეთის ფედერაცია ასეთ მაღალ დონეზე შემოიტანოს ქართულ საზოგადოებაში დაბნეულობა, დათესოს ნიჰილიზმი და წარმოაჩინოს საკითხი ისე, რომ თითქოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არის აბსოლუტური შეუთანხმებლობა ყველა ძირითადად საკითხზე და მათ შორის, შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. რა თქმა უნდა, ეს რომ ასე არ არის, ამაზე მეტყველებს კონკრეტული ფაქტები და, როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით”, — განაცხადა ზალკალიანმა.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ვაშინგტონში უკმაყოფილებას გამოხატავენ „ქართული ოცნების“ ბოლო ქმედებებით, რადგან ის თავს არიდებს, უაპელაციოდ შეასრულოს ამერიკული მითითებები.

ბოლო დროს ვაშინგტონი “ოცნების” ქმედებებით უკმაყოფილოა — რუსეთის საგარეო დაზვერვა

მასალების გადაბეჭდვის წესი