რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ვაშინგტონში უკმაყოფილებას გამოხატავენ „ქართული ოცნების“ ბოლო ქმედებებით.
„აშშ ჯერ კიდევ მ. სააკაშვილის დროიდან საქართველოში პოლიტიკური პროცესების „მექანიკური რეჟიმით“ მართვას მიეჩვია, იმის კარნახს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ და რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ოპოზიციასთან. ბოლო პერიოდში ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება მმართველი გუნდის — „ქართული ოცნების“ ქმედებების მიმართ, რომელიც თავს არიდებს, უაპელაციოდ შეასრულოს ამერიკული მითითებები.
თეთრ სახლში გაღიზიანებული არიან, რომ „მეოცნებეები“ ბოლომდე არ ასრულებენ შეთანხმებას — უსიტყვონ მისდიონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს“, — წერია განცხადებაში, რომელსაც უწყება ავრცელებს.
ამავე წერილში ნარიშკინი წერს, რომ საქართველოში წესრიგის დასამყარებლად აშშ აპირებს ოპოზიციონერებისთვის მხარის დაჭერას და, ამავდროულად, „ქართული ოცნების“ პოზიციების შესუსტებას.
„ვაშინგტონი გააგებინებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თეთრი სახლის მომავალი დამოკიდებულება თბილისის მიმართ იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რამდენად მზადაა საქართველოს ხელისუფლება ზუსტად მისდიოს ამერიკულ მითითებებს,“.
ნარიშკინის თქმით, საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ ეროვნული ელიტების მიერ ვაშინგტონის მფარველობის მოპოვების მცდელობები საბოლოოდ ქვეყანას აკარგვინებს დე ფაქტო სუვერენტიტეტსა და შესაძლებლობას, დამოუკიდებლად აწარმოოს პოლიტიკა, როგორც შიდა, ასევე საგარეო არენაზე.
გარეკანი ფოტო: ria.ru