ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“დაგეგმილი პროვოკაციაა” – სოხუმი ავიძბას დაკავების გამო პროქართულ კურსში დადანაშაულებაზე

11 მარტი, 2021 •
“დაგეგმილი პროვოკაციაა” – სოხუმი ავიძბას დაკავების გამო პროქართულ კურსში დადანაშაულებაზე

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს მოქალაქე ახრა ავიძბას დაკავების შესახებ რუსულ მედიასა და საჯარო სივრცეში გაკეთებულ კომენტარებს და მიიჩნევს, რომ ავიძბას დაკავებით აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილებაზე აპელირება მიზნად ისახავს აფხაზეთის იმიჯის დაზიანებას.

“რუსი ჟურნალისტებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მიერ ამ საქმესთან დაკავშირებით პირადი მოსაზრებების გახმიანება განზრახ ამახინჯებს არსებულ ვითარებას. ცდილობენ ყურადღება გადაიტანონ და გააკეთონ აბსურდული განცხადებები აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით, საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სასარგებლოდ”, – ასე გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ცალკეული რუსი შემფასებლების მიერ ახრა ავიძბას დაკავებაზე გაკეთებულ კომენტარებს.

“ჩვენ ამგვარ განცხადებებს მივიჩნევთ ცხად და დაგეგმილ პროვოკაციად, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთის იმიჯის დაზიანებას. როგორც ჩანს, ასეთი “ხმამაღალი” განცხადებების ავტორები მოელიან გარკვეული გაუგებრობების შექმნას რუსეთისა და აფხაზეთის ინტენსიურ თანამშრომლობაში”, – ნათქვამია დე ფაქტო საგარეოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რატომ დააკავეს იგი?

ახრა ავიძბას ედავებიან სხვა პირებთან შეთანხმებით იარაღის უკანონო შენახვას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აფხაზეთის დე ფაქტო პოლიციამ ავიძბასა და მისი თანამოაზრეების საცხოვრებელ სახლებში აღმოაჩინა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მათ შორის: ავტომატური იარაღი, ხელყუმბარები, ასაფეთქებელი მასალა, ტყვია-წამალი და თავდაცვითი ჟილეტები.

მას სოხუმის დე ფაქტო სასამართლომ ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ვინ არის ახრა ავიძბა?

ახრა ავიძბა, მას შემდეგ, რაც მონაწილეობდა დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადაყენების მოთხოვნით გამართულ აქციებში, ახლად არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თანაშემწედ მუშაობდა. მან ეს თანამდებობა გასული წლის ბოლოს, ბჟანიასთან საერთო იდეებისადმი რწმენის დაკარგვის გამო დატოვა.

ავიძბა 2008 წლის ომში მოხალისედ იმყოფებოდა ცხინვალში. იბრძოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მხარესაც, სადაც მიიღო საბრძოლო სახელი „აფხაზი“. იგი უკრაინაში 2014 წლის ივლისში ჩავიდა და ინტერნაციონალური ბრიგადა „პიატნაშკა“ ჩამოაყალიბა. 2015 წელს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის წოდებაც მიიღო. მონაწილეობდა არაერთ ბრძოლაში, მათ შორის დებალცევოს, დონეცკის აეროპორტისა და მარინკას ბრძოლებში.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისა და დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შიდა ძალაუფლებისთვის ბრძოლის დაწყების გამო, ავიძბამ უკრაინა დატოვა და აფხაზეთში დაბრუნდა.

მან მარტის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. კენჭს იყრიდა სოხუმის პირველ საარჩევნო ოლქში, თუმცა დამარცხდა.

2021 წლის 4 მარტს ავიძბამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მან იუსტიციის სამინისტროს ახალი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გაერთიანების დასაფუძნებლად რეგისტრააციისთვის მიმართა. იქამდე, 2 მარტს, ახრა ავიძბა ოპოზიციონერებთან ერთად ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ [ბიზნესმენ და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწის, ბენურ კვირაიას საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით] აქციაში მონაწილეობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი