ახალი ამბები

კლუბებსა და კლუბებში დასაქმებულებს მერია 2 მილიონით დაეხმარება — კალაძე

10 მარტი, 2021 •
კლუბებსა და კლუბებში დასაქმებულებს მერია 2 მილიონით დაეხმარება — კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია ღამის კლუბებსა და კლუბებში დასაქმებულ ადამიანებს 2 მილიონი ლარით დაეხმარება.

კალაძემ განმარტა, რომ პანდემიის პირობებში სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა ასევე კულტურის სფეროც, მათ შორის, ღამის კლუბებიც.

„ეს იყო დარგი, რომელიც ყველაზე პირველი გაჩერდა პანდემიის პირობებში რეკომენდაციების გამო, მათ მოუწიათ დახურვა და დღემდე 1 წელი გავიდა, ფაქტობრივად, რაც არ ფუნქციონირებენ. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მათთვის, ვინაიდან აქ ბევრი ადამიანია დასაქმებული და მათ მიღმა ოჯახები დგანან.

ეს არის სფერო, რომელმაც ჩვენს დედაქალაქს ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვა სახელი, მოიზიდა უამრავი ტურისტი და ჩვენი დედაქალაქის ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებაში მსხვილი კონტრიბუცია შეიტანა“, — ამბობს კალაძე.

მერიის ინფორმაციით, ფინანსური დახმარების პაკეტით, პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებს. ასევე მოხდება ელექტრონული მუსიკის სივრცეების საიჯარო თანხების სრული ან ნაწილობრივი მხარდაჭერა.

ამასთანავე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით,  ზაფხულის პერიოდში დაიწყება უსაფრთხო აღდგენის შესაბამისი სამუშაოების გაწევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი