სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის მეთაური ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელმაც მანამდე 40-მდე სამხედრო მაღალჩინოსანთან ერთად გაავრცელა განცხადება ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნის შესახებ.
გასპარიანის გადაყენების შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, სადაც ახსნილია ის მიზეზი, თუ რატომაც აღარაა ეს უკანასკნელი წარსულში დაკავებულ თანამდებობაზე.
პრემიერ-მინისტრის ვებ-გვერდის მიერ გავრცელებულ განცახდებაში, სომხეთის სამხედრო სამსახურისა და ჯარისკაცის სტატუსის შესახებ კანონზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გადაყენებულად ითვლება იმის გამო, რომ ფაშინიანის შუამდგომლობა, რომელიც მან პრეზიდენტ არმენ სარქისიანს გაუგზავნა, პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ დროში ხელმოუწერელი დარჩა. ასევე, დადგენილ ვადაში სარქისიანმა არ გაასაჩივრა ის საკონსტიტუციო სასამართლოში.
ონიკ გასპარიანი სომხეთის სამხედრო გენერალურ შტაბს მეთაურობდა ყარაბაღის მეორე ომში. სამხედროების მიერ გავრცელებულ განცხადებას ერევანში ნებათაღელვა მოჰყვა. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ის ფაქტი, რომ სამხედროები მოითხოვდნენ მის გადაყენებას, იყო სამხედრო გადატრიალების მცდელობა.
გენშტაბის განცხადების გავრცელების შემდეგ სომხეთში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა. ქვეყნის დედაქალაქში პერიოდულად იმართება მთავრობისა და ოპოზიციის მომხრეთა საპროტესტო აქციები.
ნიკოლ ფაშინიანის ყოფილი მრჩეველი არსენ ხარატიანი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია.