“ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) თბილისის საქალაქო სასამართლოს კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა უკვე რამდენიმე თვეა ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებასაც.
ამას გარდა, IDFI აცხადებს, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი, რის საფუძველზეც ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს, მთავრობას ავალდებულებს, მიმოსვლის თავისუფლება არ შეზღუდოს იმაზე მეტად, ვიდრე ამას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს.
“კომენდანტის საათის დაწესების შემდგომ საქართველოში ეპიდემიური თვალსაზრისით მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. საქართველოს მთავრობამ გააუქმა ან შეამსუბუქა თითქმის ყველა შემზღუდავი ღონისძიება გარდა კომენდანტის საათისა. კომენდანტის საათი არ არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ორდინარული ღონისძიება. მისი ეფექტები არსებით ზიანს აყენებს სხვა კონსტიტუციური უფლებებით დაცულ სფეროებს. მაგალითად, გამოხატვის თავისულებას, პროფესიული საქმიანობის განხორციელებას, ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, პირად ცხოვრებას. იშვიათი გამონაკლისების გარდა, კომენდანტის საათის ეფექტები ინტენსიურად ზღუდავს თითქმის ყველა კონსტიტუციურ უფლებას. სწორედ ამიტომ, როგორც აღინიშნა, კომენდანტის საათის გამოყენებისას სახელმწიფო თავისუფალი მოქმედების ფარგლებში პირობადადებულია ამ ღონისძიების გამოყენების მკაცრი საჭიროებით”,-წერია განცხადებაში.
IDFI-ის შეფასებით მთავრობა ე.წ. კომენდანტის საათს არაპროპორციულად იყენებს, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხვონებს:
“დღეს, როგორც ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას აცნობა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება კომენდანტის საათის გაუქმება. არგუმენტი ისაა, რომ ყველა ტიპის შეზღუდვის ერთდროულად შემსუბუქება არასასურველია. ამგვარი დამოკიდებულება ცხადად მიუთითებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არ/ვერ იაზრებს კომენდანტის საათიდან მომდინარე უფლების შეზღუდვის სიმწვავეს და მას არ იყენებს, როგორც უკიდურესად აუცილებელ ღონისძიებას. ასეთი მიდგომით კომენდანტის საათი უწყვეტად შეიძლება გაგრძელდეს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ვაქცინაციამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში კომენდანტის საათის პირობებში ცხოვრების დაშვება თავისთავად მიუთითებს ამ ღონისძიების არაპროპორციული გამოყენების თაობაზე.
აქედან გამომდინარე, IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა მიმოსვლის თავისუფლებას ზღუდავს არაპროპორციულად, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხვონებს.”
ორგანიზაცია კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავს.