ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალში ხანძრით დაზარალებულები თავს მიტოვებულად გრძნობენ | კვლევა

9 მარტი, 2021 • 1164
გალში ხანძრით დაზარალებულები თავს მიტოვებულად გრძნობენ | კვლევა

2021 წლის 4  იანვარს გალის რაიონის ცხრა სოფელში გაჩაღებულმა ხანძარმა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ყოფა კიდევ უფრო გაართულა და ისინი  პრაქტიკულად ძირითადი საარსებო წყაროს გარეშე დატოვა. შემთხვევიდან ორი თვის შემდეგ,ხანძრით დაზარალებული ადამიანები თავს დავიწყებულად, მიტოვებულად და უგულებელყოფილად გრძნობენ, – ნათქვამია აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდ „სოხუმის“ მოკვლევის ანგარიშში.

4 იანვარს გალში ხანძრის შედეგად 300-350-მდე ოჯახი დაზარალდა, რამდენიმე მათგანს დაეწვა საცხოვრებელი სახლები,  განადგურებული აქვთ ჰექტრობით თხილნარი, სიმინდის ყანები, ღობეები, ხეხილის ბაღები, ბოსტნები, საქონლის სადგომები, საქონლის საკვები და დამხმარე  ნაგებობები. 

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაკონტროლირებად ტერიტორიაზე წვდომის შეზღუდვის გამო კი  შეუძლებელია ოფიციალურად დაზარალებული  ოჯახების ზუსტი რაოდენობის დადგენა ან ზარალის ზუსტი ოდენობის შეფასება.

“დაზარალებულ მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად დადგინდა, რომ არ მომხდარა მათი ოჯახების  მდგომარეობის ჯეროვანი შეფასება და ზარალის ოდენობის შესწავლა არც  დე ფაქტო ხელისუფლებისგან, ან თუ მოხდა, მხოლოდ ფრაგმენტულად და ცალკეულ სოფლებში”.

მოკვლევის ავტორები გალის მოსახლეობასთან საუბრის შემდეგ აცხადებენ, რომ გალის რაიონის ცხრა სოფელში გაჩაღებულმა ხანძარმა პანდემიის შედეგად იზლირებული და პრაქტიკულად უყურადღებოდ დარჩენილი მოსახლეობის ისედაც  მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა და ძირითადი საარსებო წყაროს გარეშე დატოვა.

“გალის მოსახლეობისთვის დღემდე უცნობია, თუ რას  გეგმავს საქართველოს ხელისუფლება ხანძრის შედეგად დაზარალებული საკუთარი მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის მიზნით, ან რა ვადებში. მათივე  მტკიცებით, ამ დრომდე არ მომხდარა ოფიციალური პირების მხრიდან მათთან უშუალო კომუნიკაცია და ხანძრის შედეგად წარმოქმნილი პრიორიტეტული საჭიროებების და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლა.  

ზარალის მაღალი ოდენობის და ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო კი გამოიკვეთა მოსახლეობის მხრიდან საკუთარი  სახლების მიტოვების საფრთხე და საზღვარგარეთ შრომითი მიგრაციის გაზრდის  ტენდენცია”:

„მამაჩემი დარეგისტრირდა უკვე გერმანიაში დასაქმების პროგრამაში,  მაგრამ პირველ ნაკადში ვერ მოხვდა. ძალიან ბევრია სოფელში უკვე  ამ პროგრამაში დარეგისტრირებული… დედაჩემიც იძულებულია, თბილისში წამოვიდეს და რაიმე სამუშაო ეძებოს“ (გოგონა, სტუდენტი,  ნაბაკევი) , – ამონარიდი კვლევიდან. 

ანგარიშში, ასევე, წარმოდგენილია მოკვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემათა და საჭიროებათა ნუსხა და კონკრეტული რეკომენდაციები საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიმართ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი