ახალი ამბები

მომდევნო დღეებში მეტ ინფორმაციას მიიღებთ – კალაძე ჩანაწერებსა და თავის გეგმებზე

8 მარტი, 2021 • 1677
მომდევნო დღეებში მეტ ინფორმაციას მიიღებთ – კალაძე ჩანაწერებსა და თავის გეგმებზე

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ აუდიოჩანაწერების გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას არასწორ მეთოდად მიაჩნია. ასე გამოეხმაურა ის ” ტვ პირველის” ეთერში გასულ ჩანაწერებს.

“ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი და შეფასებები, არც ამჯერად ვაპირებ. ზოგადად, ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას მიმაჩნია არასწორად. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო დამატებით გექნებათ შესაძლებლობა, რომ გაიგოთ დამატებითი ინფორმაცია”, — განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება, კალაძე პასუხობს:

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომდევნო დღეების განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა თქვენც, საზოგადოებასაც, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ”, — ამბობს კალაძე.

კიდევ ერთ კითხვაზე,  უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილი, კალაძეს ანალოგიური პასუხი აქვს და ამბობს, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში საზოგადოებასაც უფრო მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება ექნება.

ამასთან, კალაძე არ აკონკრეტებს, რა სახის და რასთან დაკავშირებით ინფორმაცია გახდება მომდევვნო დღეებში ცნობილი.

რაც შეეხება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მაგიდაზე ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაცვლებას, კალაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი გადაწყვეტს, ვინ უნდა იჯდეს ღარიბაშვილთან ერთად კიდევ პარტიიდან.

“დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, გუნდის მხრიდან იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრთან ერთად კიდევ ვინ უნდა იყვნენ ადამიანები მოლაპარაკებების მაგიდასთან. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ მოლაპარაკებას, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. თუ ჩვენ ვფიქრობთ ქვეყნის მომავალზე. დიალოგს და საუბარს არ აქვს ალტერნატივა, ასევე კომპრომისებს”, — აცხადებს კალაძე.

მისივე თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ “ქართულ ოცნებას” ტოვებს და თბილისის მერად დამოუკიდებლად აპირებს კენჭისყრას.

“მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. თუ მომდევნო დღეების, თვეების განმავლობაში, როდესაც მოვა ამის დრო, თქვენ ყველაფერს გაიგებთ ამასთან დაკავშირებით, მე მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში თუ არ მივიღებ. ამასთან დაკავშირებით გექნებათ ინფორმაცია. მე არასდროს არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯები, რომ მალულად იყოს ან ჩუმად. ყველაფერი იქნება ცხადი ყველასთვის, როდესაც ამის დრო იქნება. ყველაფერს აქვს თავისი დრო. დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ. მე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული თბილისის, თბილისელების წინაშე”, — განაცხადა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი