ახალი ამბები

ჭყონდიდის ეპარქიაში მოაჯირი ჩაინგრა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა

8 მარტი, 2021 • 1321
ჭყონდიდის ეპარქიაში მოაჯირი ჩაინგრა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა

მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

როგორც “ნეტგაზეთს” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, 3 დაშავებული მარტვილის “ევექსის” კლინიკაში გადაიყვანეს, 2 დაშავებული კლინიკაში ახლა გადაჰყავთ.

მოგვიანებით “ევექსის” კლინიკაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მათთან 6 პაციენტი შეიყვანეს, რომელთაგან 1 დამატებით კვლვებს საჭიროებს და მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. 5 პაციენტის მდგომარეობა კი სტაბილურია და მათი გამოკვლევები გრძელდება.

დაშავებულებს შორის არიან “ტვ პირველის” ოპერატორი ალეკო ხაზალია და ჟურნალისტი პაპუნა შუშანია. “ტვე პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა და  საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ჟურნალისტები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და აქციას აშუქებდნენ. პროტესტი ჭყონდიდის ეპარქიასთან ორი დიაკვნისთვის მღვდელმსახურების უფლების შეჩერებას მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ორ დიაკონს, რომლებიც ჭყონდიდის ყოფილ მიტროპილიტ პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან, კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს — მღვდელმსახურება შეუჩერა, დიაკონ ანანია კალანდიას კი ბოლო გაფრთხილება მისცა.

როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტის ბრძანებაშია ნათქვამი, მღვდელმთავრის მოწოდებაზე, მასთან ერთად სამღვდელმთავრო მსახურებაში მონაწილეობა მიეღოთ, დიაკვნებმა, კონსტანტინე გაბისონიამ და პეტრე ღუდუშაურმა თავიანთი პირდაპირი მოვალეობის აღსრულება და ჭყონდიდის მიტროპოლიტთან თანამსახურება არ ინებეს.

ჭყონდიდის ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმსახურება შეუჩერდა

მასალების გადაბეჭდვის წესი