ახალი ამბები

ჰუჯაბის ეპარქია “ოცნებას” ცილისწამებაში ადანაშაულებს

9 ოქტომბერი, 2020 • 1224
ჰუჯაბის ეპარქია “ოცნებას” ცილისწამებაში ადანაშაულებს

მარნეულში ბოლოდროინდელ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მარნეულისა და ჰუჯაბის საეპისკოპოსო რეზიდენციაში, ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის თავმჯდომარეობით, სამღვდელოების საეპარქიო კრება ჩატარდა.

კრებამ ერთხმად განაცხადა, რომ “ბევრს სურს არეულობა შემოიტანოს და საეკლესიო წესრიგი დაარღვიოს, მტრული და ცილისმწამებლური ბრალდებით გამოდიან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსის წინააღმდეგ”. ეპისკოპოსის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში ეპარქია “ქართული ოცნების” წევრებს ადანაშაულებს.

“სათანადოდ მივიჩნიეთ გაგვეფრთხილებინა საზოგადოება, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია ეპარქიის მმართველი მღვდელთმთავრის წინააღმდეგ, რომელშიც, სამწუხაროდ, ჩართულნი არიან ადგილობრივი მმართველი გუნდის – პარტია “ქართული ოცნების” წევრები. მათ ადგილობრივი მოსახლეობა შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში, ცილს სწამებენ ეპისკოპოსს, თითქოს პარტია “ქართული ოცნების” წევრის, თ.შ-ის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა მეუფის დავალებით, რაც არის მტკნარი სიცრუე, უმძიმესი ბრალდება და ცილისწამება. ისინი დადიან მოსახლეობაში, ცდილობენ ხელმოწერების შეგროვებას მეუფის წინააღმდეგ მისი ეპარქიიდან გაწვევის მოტივით.ეს გახლავთ გაგრძელება იმ პოლიტიკისა და გეგმისა, რომელიც მავანთ მიზნად აქვთ დასახული მეუფის ეპარქიიდან ჩამოსაშორებლად”, – ნათქვამია მარნეულისა და ჰუჯაბისა ეპარქიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამღვდელოები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ აჰყვნენ პროვოკაციას და სიმშვიდე შეინარჩუნონ.

“რაც შესხება იმ პირებს,რომელნიც ცილისმწამებლურ კამპანიაში არიან ჩართულნი, შევაგონებთ, რომ შეინანონ, რადგან დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდება ,ანუ ცილისწამება კანონიკური სამართლის მიხედვით ექვემდებარება საეკლესიო სასჯელს”, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტია “ქართულ ოცნებაში” მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.


თემურ შუბითიძეს 30 სექტემბერს თბილისი-მარნეულის გზაზე უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამას კი წინ უძღოდა 29 სექტემებერს მარნეულში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები. “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს. ასევე, ამავე საღამოს ცემეს ჟურნალისტებს და ოპერატორებს.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, შუბითიძეს მრავლობითი დაზიანებების ფონზე ოპერაციაც დასჭირდა. როგორც შუბითიძის დედამ ტელეკომპანიასთან საუბრისას აღნიშნა, მას სახის ძვლების მოტეხილობაც ჰქონდა. დაშავებულის ძმამ, გიორგი შუბითიძემ განაცხადა, რომ მისმა ძმამ თავდამსხმელები ვერ ამოიცნო.

შუბითიძის ცემის შემდეგ მთავრობის სხავდასხვა წარმომადგენელმა, მათ შორის ირაკლი სესიაშვილმა და მამუკა მდინარაძემ, მომხდარზე პასუხისმგებლობა ოპოზიციის წარმომადგენლებს დააკისრეს.

“ქართული ოცნების” წევრის, თემურ შუბითიძის ცემის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 4 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, სამივე მათგანი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. შსს-ს განცხადების მიხედვით, ამ ეტაპზე ნათელი არ არის, რა მოტივაცია ამოძრავებდათ სავარაუდო დამნშავეებს და აქვთ თუ არა კავშირი მათ ოპოზიციასთან, რის ეჭვებსაც მმართველ გუნდში გამოთქვამდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი